სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას დამატებითი შეზღუდვა დაუწესა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ენმ–ის წევრ ნიკა მელიასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. საუბარია აღკვეთის ღონისძიების სახეზე და დაამტებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მელიას ელექტრონული სამაჯურის გაკეთება დაავალა. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული შეზღუდვების მოხსნას ითხოვდა, სახელმწიფო ბრალდება კი საპატიმრო ღონისძიების გამოყენებას. 

"საათის ნაცვლად გავიკეთებ ელექტრონულ სამაჯურს, მაგრამ ეს ვერ შემზღუდავს, არ შევიზღუდავ თავს ამომრჩეველთან სიარულისგან. ეს არის ბრძოლა, სადაც იმარჯვებს ძლიერი და ბიძინა ივანიშვილი დღეს ძლიერი არ არის. ის ვერ დაამარცხებს ხალხის ნებას. მათ მხარეს დღეს სიმართლე, მორალური უპირატესობა არ არის",– განაცხადა ნიკა მელიამ.

ადვოკატის თქმით, ნიკა მელია იქენება პირველი, ვისცეს ელექტრონული მეთვალყურეობა განხორციელდება. 

"ნიკა მელია თავისუფლებაში რჩება, ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა და ძალიან კარგია. ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა და ნიკა მელია იქნება პირველი. რაც შეეხება ყველაფერ დანარჩენს, დაველოდებით სასამარტლოს დასაბუთებულ განჩინებას. ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომელიც სამართლერბივი თვალსაზრისით აბსოლუტურად სწორია: იგი არის პარლამენტის წევრი და მას ვერანაირად ვერ შეუჩერდება დეპუტატის უფლებამოსილება. მას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და ვერც პროკურორის გადაწყვეტილება ვერ შეზღუდავს მის უფლებამოსილებას",– განაცხადა მელიას ადვოკატმა. 

მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ მელიას საქმეზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისს სააპელაციო საჩივრით მომართა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისს მიღებული განჩინების გაუქმების და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ასევე საჩივრით მომართა ბრალდებულ ნიკანორ მელიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა ნიკანორ მელიას მიმართ საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკისრებული დამატებითი შეზღუდვის ღონისძიებების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ დასაშვებად ცნო წარმოდგენილი საჩივრები და მიუთითა, რომ ნიკანორ მელიას ადვოკატის საჩივარი ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჭიროებდა საჩივრის ფარგლებისა და მოთხოვნის დაზუსტებას. სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას ადვოკატმა მოითხოვა მხოლოდ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული დამატებითი ღონისძიების გაუქმება და არ გაასაჩივრა აღკვეთის ღონისძიების სახე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლი მხარეებს უფლებას აძლევს, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომელიც შეეხება აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის გამოყენებას, შეცვლას ან გაუქმებას.

საქართველოს სისხლის სამართლის 199-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიების სახეების ჩამონათვალს. ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ დამატებით გამოყენებული ვალდებულებები კი არ წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების სახეს და მისი აღკვეთის ღონისძიებებისგან განყენებულად გასაჩივრებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლო შესაბამისად ვერ იმსჯელებდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ ასევე არ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის სააპელაციო საჩივარი, რითაც უარი ეთქვა საქართველოს გენერალური პროკურორს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნაზე და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი, რომლის უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს გენერალურ პროკურატურას“.

ცნობისთვის: სახელმწიფო ბრალდება დეპუტატს მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გასულ კვირას პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. გადაწყვეტილებას მხარი მმართველი გუნდის 91–მა დეპუტატმა დაუჭირა. გასულ კვირასვე პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ენმ–ის წევრს 30 000–ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მელიას აეკრძალა ქვეყნის დატოვება, საცხოვრებელი ბინიდან გასვლა სამართალდამცველების ინფორმირების გარეშე და საჯარო ადგილებში განცხადებების გაკეთება.        

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp