სამტრედიის მერი მისი წარმომადგენლის განცხადებაზე: „ზოგს რუსეთი მოსწონს, ზოგს – ამერიკა, ეს მისი გადასაწყვეტია“

სოფელ მელითაურის თემში მერის წარმომადგენლის სკანდალურმა განცხადებამ "ქართული ოცნების" წევრები თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა. საუბარია სოფო კიკაჩეიშვილის კომენტარზე, რომელშიც მან რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეები "ცისფერებად და ლესბოსელებად“ მოიხსენია. 

სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ძიძიგური ამბობს, რომ კიკაჩეიშვილი აღელდა და განცხადებაც ემოციურ ფონზე გააკეთა:

„მე არ ვამართლებ, უბრალოდ ვამბობ, რომ გაღიზიანებულმა ადამიანმა შეიძლება ცოტა ზედმეტი თქვა და გადააჭარბა, მაგრამ ამის გულისთვის არ შეიძლება რაღაცა ტრაგედია გავხადოთ. ხშირად არის ხოლმე , რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რუსეთუმეების და მსგავსი შეძახილების ხმარება „ქართული ოცნების „ მიმართ ის ანდაზა მახსენდება, „ ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო,“ თვითონ თავის თავში და თავის რიგებში მოიკითხონ რუსეთუმეები და რუსეთის აგენტები და არა მარტო აგენტები, გენერლებიც კი".

სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია კი მისი წარმომადგენლის განცხადებებში პრობლემას ვერ ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ კიკაჩეიშვილი რუსეთს ოკუპანტად არ თვლის და ამ ქვეყანასთან მეგობრობის აუცილებლობაზე საუბრობს. 

სამტრედიის მერის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, მის თანამშრომელს რომელი ქვეყანა მოსწონს ან არ მოსწონს, თუ ის საკუთარ მოვალეობას კარგად ასრულებს:  

„არის ძალიან კარგი წარმომადგენელი. მასზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებს. რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, ახლა მე სოციალურ ქსელს ასე არ ვადევნებ თვალს. არ ვიცი, ზოგს რუსეთი მოსწონს, ზოგს ამერიკა. ეს არის მისი გადასაწყვეტი. პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს ჩვენ ვერ ვათავისუფლებთ".

სოფო კიკაჩეიშვილის განცხადებამ ოპოზიციის მწვავე რეაქცია გამოიწვია. ოპოზიციაში თვლიან, რომ ამგვარი განცხადებების ავტორმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამ მოთხოვნით მათ სამტრედიის მერიას და საკრებულოს უკვე მიმართეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა