რუსულმა ტელეარხმა ანტიქართული და ანტითურქული სიუჟეტი მოამზადა [ვიდეო]

რუსეთის პირველმა არხმა აჭარის შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც ბათუმზე, ზოგადად აჭარაზე თურქული “გავლენის გაზრდაზე“ საუბრობს. სიუჟეტის ტექსტი მკაფიოდ ანტიქართული და ანტითურქულია. როგორც ჩანს, მასალა ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაფიქსირებული მასშტაბური პროტესტის საპასუხოდ მომზადდა. ხსენებულ პროტესტს კი წინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის სერგეი გავრილოვის ჯერ საქართველოში, შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათება უძღოდა.  

“ქართველები ისევ იქნევენ უკრაინულ და ქართულ დროშებს, კიდევ ევროკავშირის და აშშ–ს დროშებს დამაჯერებლობისთვის. და სანამ ჩვენი შინნაზარდი საქართველოში დასვენების მოყვარულები ფიქრობენ, როგორ აღმოჩნდნენ ყველაფრის მიუხედავად ამ მეგობრულ ატმოსფეროში, როგორ ჩაყვინთონ ზღვაში ან შეჭამონ, რათა მერე რამე რომ იყოს მრისხანედ დაადანაშაულონ რუსეთის ხელისუფლება, რომ ისინი ვერ დაიცვეს, თავად საქართველოში იზრდება დაძაბულობა ჯერ კიდევ შემორჩენილ რეგიონებს შორის“ – ამბობს სიუჟეტის შესავალში წამყვანი.

თავად სიუჟეტი მეტწილად შეფასებებსა და პროპაგანდისტულ გზავნილებზეა აგებული, ნაცვლად ფაქტებისა. 

“აჭარა თურქულ რეგიონად გარდაიქმნება. ინტერესი აჭარის მიმართ 2.5 მილიარდი დოლარით არის გამყარებული, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში ანკარამ ჩაასხა. ბათუმის მოსახლეობის შთამბეჭდავი რაოდენობა – 15 %–იანი მოსახლეობა ორმაგი მოქალაქეობის მქონე თურქული დიასპორაა. რბილი ძალა, რომელიც შესაძლოა, დამპყრობლად იქცეს. მთელი სიუჟეტის განმავლობაში რუსი ჟურნალისტები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აჭარაში თურქული ექსპანსია მიმდინარეობს“,– ნათქვამია სიუჟეტში. 

ფაქტები კი საპირისპიროს მეტყველებს. კერძოდ, „2017 წლის მიგრაციის პროფილის“ მონაცემებით, იმ უცხოელთა 53%, რომლებმაც 2012-2016 წლებში საქართველოში ქონება დაირეგისტრირეს, რუსეთის მოქალაქე იყო; 5%-5%-ს - უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის; 4% ისრაელის;  3-3% აშშ-სა და საბერძნეთის მოქალაქეები; ხოლო 2%-2%-ს გერმანიის, ირანის, ერაყისა და თურქეთის მოქალაქეები შეადგენდნენ.


რაც შეეხება ქონების ტიპს, როგორც ანგარიშშია მოცემული, 34 024 უძრავი ქონებიდან 12,998 - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იყო; 5,709 - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა; 15,317 კი - ბინა/სახლი.

2019 წლის მაისში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) გამოაქვეყნა კვლევა საქართველოს ბაზარზე რუსულ ინტერესებზე.

„გვსურდა, გვეჩვენებინა ის ძირითადი სურათი, რომელიც სადღეისოდ საქართველოშია ამ მიმართულებით. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მუდმივად ისმის საუბარი ამ თემაზე, რომ რუსული კომპანიები, მათ შორის - რუსული სახელმწიფო კომპანიები წარმოდგენილნი არიან საქართველოში როგორც ენერგეტიკის სექტორში, ასევე სხვადასხვა ბიზნესში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეკრიბა ის ძირითადი კომპანიები, სადაც იყო რუსული ინტერესები, განსაკუთრებით სადაც იყო 50% და მეტი წილი წარმოდგენილი რუსეთის მოქალაქეების ან რუსული კომპანიებით“,– განაცხადა აფბა-ს ვიცეპრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ.

მან გამოყო რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაო“, რომელსაც „თელასის“ 75% ეკუთვნის. „ინტერ რაო“-ს ასევე ეკუთვნის თბოსადგური შპს „მტკვარი ენერგეტიკა“, რომლის ძირითადი საქმიანობაც ელექტროენერგიის გამომუშავება და რეალიზაციაა. იმავე კომპანიის მფლობელობაშია: „ხრამჰესი 1“, „ხრამჰესი 2“.

ჰესების ბიზნესში აღსანშნავია რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძის ინტერესებიც. ის ფლობს შპს „ენერგიას“, რომელსაც ეკუთვნის „დარიალი ჰესი“, „ლარსი ჰესი“, „სკურდიდი ჰესი“.

აფბას ვიცეპრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს რუსული კაპიტალის მონაწილეობაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების სეგმენტშიც, სადაც ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ „საქრუსენერგოს“.

მეორე მნიშვნელოვანი სეგმენტია ნავთობპროდუქტების ბაზარი. გიორგი კაპანაძე ლაპარაკობს „ლუკოილის“, „პეტროკას ენერჯი ლიმიტედის“, „როსნეფტის“ შესახებ. ასევე ხაზგასასმელია, რომ „როსნეფტი“, საქართველოს კანონის  – „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ დარღვევით, ოპერირებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც.

აფბა-ს წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს მადნეულის, ტელეკომუნიკაციის, საბანკო სექტორის, ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელების, კვების პროდუქტებისა და სამშენებლო ბიზნესებში რუსული კაპიტალის, რუსეთის კომპანიების, რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობაზე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp