„პრეზიდენტი მიწვეული იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მიღებაზე, თუმცა მან დასწრებაზე უარი განაცხადა“

საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიწვეული იყო 19 ივნისს თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ  მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მიღებაზე, თუმცა მან დასწრებაზე უარი განაცხადა.

ამასთან, როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, 28 ივნისს ტელეკომპანია“პირველის“ ეთერში გავიდა უზუსტობა – ავლაბრის რეზიდენცია, რომელიც ამჟამად ცერმონიების სასახლეა, არა ერთხელ ნახსენები იყო, როგორც პრეზიდენტის სასახლე და ამასთან ითქვა, რომ თითქოს ღონისძიებას პრეზიდენტიც ესწრებოდა. 

,,28 ივნისს ტელეკომპანია“პირველის“ ეთერში – ნინო ჟიჟილაშვილის, ვახო სანაიასა და დიანა ტრაპაიძის თოქშოუში, ჩემი პატივისცემა მათ, გავიდა საკმაოდ უხეში უზუსტობა - ავლაბრის რეზიდენცია არა ერთხელ ნახსენები იყო, როგორც პრეზიდენტის სასახლე. კიდევ ერთხელ განვმარტავ: პრეზიდენტის სასახლე 2018 წლის დეკემბრიდან განსაზღვრულია ათონელის 25 -ში მდებარე, ყოფილი ორბელიანების სასახლე, ის რეზიდენცია გახლავთ სახელმწიფო ცერემონიების სასახლე და მასთან საქართველოს პრეზიდენტს შეხება არ აქვს და რაც მთავარია, თოქშოუს ერთ-ერთი წამყვანის მიერ ითქვა, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ მართლმადიდებლურ საპარლამენტო ასამბლეას. საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა მოწვევა აღნიშნულ მიღებაზე, თუმცა მან უარი განაცხადა დასწრებოდა ამ ამ მიღებას და მეტიც, ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოეხმაურა და პოლიტიკური შეფასება მისცა აღნიშნულ ფაქტს“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ცნობისთვის: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეი საზეიმო გახსნა 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიმართა. 

იმჟამად პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და "ქართული ოცნების" იმჯამინდელმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. დელეგატებს მიმართა საქართველოს პატრიარქმაც.

20 ივნისს კი, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. მათ სერგეი გავრილოვს სხდომის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. მწვავე პროტესტის გამო რუსი დეპუტატების დელეგაციას დაგეგმილზე ორი დღით ადრე, სასწრაფოდ მოუწია საქართველოს დატოვება. აღნიშნულის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა და ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი. 

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშნვას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp