ჟამი საყოველთაო ლუსტრაციისა: მითხარი, ვინ გიჭერს მხარს – და გეტყვი, ვინ ხარ შენ

ერთხელ ჩემს ბლოგში დავწერე, რომ „ქართული ოცნების“ ეპოქას ერთი მნიშვნელოვანი პლიუსი აქვს – ეს ყველას და ყველაფრის ლუსტრაციის ეპოქაა. ყველა, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში იძულებული იყო, ჩრდილში გადაენაცვლა,  ერთბაშად კვლავ მზის შუქზე გამოვიდა. 

ქართველ ხალხს, 1990–იანი წლების მსგავსად, მისცეს შესაძლებლობა, სარკეში ჩაეხედა და იქ დანახული დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა: გაირკვა, რომ  მოქალაქეთა არცთუ მცირე კატეგორიისთვის 1990–იანების შემდეგ გასულმა ოცმა წელმა ფუჭად ჩაიარა; კვლავ აქტუალურია 1980–1990–იანების ფრაზები „იდენტობას გვართმევენ“, „ირგვლივ ყველა მტერია და ჩვენს განადგურებას ცდილობენ“ „ქართველობას გვართმევენ“, „ყველა არამართლმადიდებელი სატანისტია“...

იყო მომენტი, როდესაც გვეჩვენებოდა, რომ ეს უკვე წარსულს ჩავაბარეთ. მაგრამ როგორც „ოცნების“ მმართველობის პერიოდმა გვიჩვენა, ეს ყველაფერი არსად გამქრალა, უბრალოდ სადღაც მიინაბა შესაბამისი პირობების მოლოდინში.

ამ თვალსაზრისით „ოცნებას“ მადლობა უნდა გადავუხადოთ: აბა, სხვა როგორ გავარკვევდით, რომ გვყავს ნამდვილი ფაშისტები, რომ „ეროვნულად აღტკინებული” მოქალაქეების უმეტესობა ამავე დროს ყველაზე მეტად პრორუსულადაა განწყობილი და რომ კრემლის გავლენის მთავარი აგენტი ეკლესიაა.... მთელი ეს ნაგავი ზედაპირზე სწორედ „ოცნების“ მმართველობის პერიოდში ამოტივტივდა და ეს გარკვეული თვალსაზრისით მისი დამსახურებაა. სხვა თუ არაფერი, დღეს უკვე ვიცით, ვინ ვინაა.

ამ დღეებში, როდესაც თბილისის ქუჩებში მასობრივი პროტესტი გრძელდება, ჩვენ უფრო მცირე მასშტაბის და სხვა სახის რამდენიმე ლუსტრაციას ვხედავთ, თუმცა ეს მას ნაკლებ საინტერესოს როდი ხდის.

ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც არსებობს გარკვეული ეროვნული თავისებურებები და ჩვევები. ერთ–ერთი მათგანი იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა – ეს მთლიანობაში ცუდი ტონია. ნამდვილი ქართველი ხელისუფლებას მხარს ღიად ვერ დაუჭერს – ეს ჯერ კიდევ კომუნისტური დროიდან მოგვდევს. შესაძლოა, გულის სიღრმეში უჭერდეს, არჩევნებზე ხმა მისცეს, ეს – კი ბატონო, რამდენიც გინდა, მაგრამ საჯაროდ დაუჭიროს მხარი – ეთაკილება. 

თუმცა ეს წესი მხოლოდ მშვიდობიან დროს მოქმედებს: როდესაც ყველაფერი კარგად არის, ხელისუფლება სტაბილურია და არაფერი ემუქრება. სულ სხვაგვარადაა საქმე არასტაბილურობის და ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის პირობებში, როდესაც მოჩვენებითი სიმშვიდის თამაშის დრო აღარ რჩება და “თავისიანების” გადარჩენაა საჭირო. ეს ნამდვილი სიურპრიზების დროა, როდესაც ხელისუფლების ღიად მხარდასაჭერად დგებიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ გუშინ სახელისუფლებო ჩინოსნებს იდიოტებად მოისხენიებდნენ და უკადრისობდნენ, როდესაც ვინმე მმართველი პარტიის მხარდაჭერაში ადანაშაულებდათ.    

ყველგანმავალი „შუაშისტები“, რომლებიც მუდამ ნაწყენების, ყველაზე ჭკვიანების და არდაფასებულების პოზაში დგანან... ჯერ კიდევ გუშინ ისინი ამბობდნენ. რომ „ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთი ჭირია“. მაგრამ ახლა, როდესაც საქმე ცუდად მიდის, მათ, მართალია, დიდი ენთუზიაზმის გარეშე, მაგრამ ჩამოიხსნეს ნიღაბი  და ხელისუფლების მხარდასაჭერად დადგნენ –  კი, მხოლოდ სოცქსელებში, არა რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ მაინც...  

„როგორ შეიძლება პარლამენტში შეჭრა?“, „რა უნდათ ამ ოპოზიციონერებს, მორიგი რევოლუცია?“, და, რაღა თქმა უნდა, „7 ნოემბერი", "26 მაისი", "გირგვლიანი“ და ა.შ….

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ნებისმიერი ასეთი პერსონა, რომელსაც ცვლილებები სძულს და მინიმალური რისკიც კი აშინებს, საბოლოო ჯამში, მაინც სახელისუფლებო ანკესზე ეგება.

ხოლო ნაციონალისტები, ჰომოფობები, ეროვნული იდენტობისა და ქართველობის დამცველები, ქსენოფობები და უბრალოდ ფაშისტები ... რამდენი წლის განმავლობაში ასხამდნენ ისინი ხელისუფლების თავზე ღვარად ნაგავს, უწოდებდნენ „მუხანათ ლიბერასტს“, ხოლო საკუთარ თავს – “ჭეშმარიტად ქართული სულის დამცველს”. მაგრამ როგორც კი „მეოცნებეებს“ გაუჭირდათ, სოცქსელებში ქსენოფობების კომენტარები შეიცვალა, ეს „ანტიოცნებური“ ჟინი სადღაც გაქრა და დღეს ყველა სჯულის ვირტუალურხმალამოღებული ფაშისტი უმოწყალოდ „კვეთს თავებს“ „თავხედ“ ოპოზიციონერებს...

ერთი ნაცნობი მყავს „ფეისბუქში“ – ერთ–ერთი იმათგანი, ვინც თვლის, რომ მთელი მსოფლიო ისტორია სხვა არაფერია, თუ არა გეების ბრძოლა დანარჩენ სამყაროსთან. დიადი ქართული იდენტურობის სხვა ჭეშმარიტი დამცველების მსგავსად, ისიც რუსეთში ცხოვრობს. მასაც უყვარდა ხელისუფლების კრიტიკა, „ოცნებას“ სიბეცეში, სიხისტეში ადანაშალებდა, წერდა, რომ აუცილებელი იყო მისი გაგდება... მაგრამ ჰოი, საოცრებავ! – თითქოს დადგა დრო, მისთვის ვითომდა საძაგელი ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქროს, ის კი კომენტარს კომენტარზე წერს, „როდის მოვლენ ნამდვილი ქართველი მამაკაცები და ამ პედერასტებს განდევნიანო“...

და მას ვერ გააგებინებ, ან რუსეთიდან ვერ ხედავს, რომ „ნამდვილი მამაკაცები“ მიმდინარე აქციების დასაშლელად იმიტომ არ გარბიან, რომ ერთია, როდესაც 15 ლესბოსელი და 5 გეი ან კლუბების 500–მდე მოყვარული თინეიჯერი იკრიბება, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ქუჩაში რამდენიმე ათასი ადამიანი გადის და მათ შორის არა მარტო „აჩკარიკა ბოტანიკოსები” არიან, არამედ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ახალგაზრდებიც: ადგილობრივმა უბადრუკმა ფაშისტებმა მშვენივრად იციან, რომ ასეთი აქციების დასარბევად მისულებს იქიდან, საუკეთესო შემთხვევაში, ნაწილ–ნაწილ გამოიტანენ...       

მაგრამ განსაკუთრებულ, შეიძლება, ითქვას, გაუკუღმართებულ სიამოვნებას მანიჭებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იმ საბჭოელების მხრიდან, რომლებსაც მთელი ეს წლები სიტყვაც არ დასცდენიათ ხელისუფლების მხარდასაჭერად, ახლა კი მთავრობის იმ თავგამოდებული დამცველების რიგებში დგანან, რომლებიც თითქოს ყველას და ყველაფერს ლანძღავდნენ, სულ მცირე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

საბჭოელებიც იმისთვის არიან, რომ ყველაფერი თავისებურად – საბჭოურად დაიცვან. მაგალითად, ერთი საბჭოელი ბლოგერი წერს: „მომიტინგეთა რაოდენობა რამდენჯერმე შემცირდა, თანაც აქციაზე უკვე რამდენიმე მთვრალია“, მეორეც უმოწმებს: „რა თქმა უნდა, აბა რა, სასმელის გარეშე სად შეიძლებაო“...

ძალაუნებურად გახსენდება უფროსი თაობის კომპარტიელების დასკვნები, რომლებიც ხალხის ნებისმიერ აქტივობას ერთი და იგივე სიტყვებით აღწერდნენ: „ექსტრემისტულად განწობილი, ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების ჯგუფმა“.... ასეა ყოველთვის; თუ ვინმე რამეს ეწინააღმდეგება, აუცილებლად მთვარლია, ან კაიფში.

ერთი სიტყვით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. თვალთმაქცობისა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების იმიტირების დრო აღარ არის. ჰოდა დალაგდნენ ერთ მწკრივად ყველანი, ვისი ლუსტრირებაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. 

არ მინდა, არასწორად გამიგონ: კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერის ფაქტი, როგორც ასეთი, დასაგმობი სულაც არ არის და „ოცნების“ ბევრი მხარდამჭერი ვიცი, რომელიც არც გეებზე ნადირობს, არც ფაშისტია, არც საბჭოელი...

პრობლემა მხოლოდ ერთშია, მე რომ მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი ვიყო, ჩემთვის ძალზე არასასიამოვნო იქნებოდა მთელს ამ ნაგავთან ერთად ერთ ბანაკში ყოფნა. ბოლოს და ბოლოს, თავად ფაქტი, რომ ისინი ხელისუფლებას მხარს უჭერენ – ეს უკვე კომპრომატია. მითხარი, ვინ გიჭერს მხარს – და გეტყვი, ვინ ხარ შენ.

პუბლიკაცია გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციისას.

თენგიზ აბლოთია

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“