"ანგარიში ააშკარავებს რუსეთის მიერ განხორციელებული ბორდერიზაციის გამანადგურებელ შედეგებს"

Amnesty International-ის წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში ლევან ასათიანის შეფასებით, ორგანიზაციის ანგარიში რეალურად ააშკარავებს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ბორდერიზაციის ფაქტობრივად გამანადგურებელ შედეგებს ადამიანის უფლებებსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე.

მისი თქმით, ანგარიში ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან ახლოს, ორივე მხარეს, როგორც საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს, ასევე რუსეთის ჯარების მიერ კონტროლირებად მხარეს.

„ანგარიში 60 გვერდიანია და ის ეფუძნება ერთწლიან კვლევას, წარმოდგენილია ისტორიები და დოკუმენტურებულია ამბები, რომლებიც მოგვითხრობენ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, უკანონო დაკავებებზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, საარსებო წყაროების დაკარგვაზე, ასევე საუბარია ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვაზე და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაზე, ასობით ათას ადამიანს არ აქვს წვდომა საგვარეულო სასაფლაოებზე“, - განაცხადა ლევან ასათიანმა.

მისივე ინფორმაციით, ანგარიშის პრეზენტაცია დღეს ერთდროულად იმართება თბილისსა და მოსკოვში, რათა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ორგანიზაციის მიგნებების გაზიარების.

„რეკომენდაციები არის შემუშავებული უმეტესწილად რუსეთის ფედრაციის მიმართ,ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის მიმართ, რომელსაც საერთაშორისო სამართალში აქვს გარკვეული მოვალეობები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიის მიმართ. უპირველესი რეკომენდაცია ეს არის გადაადგილების თავისუფლების რეჟიმის შემსუბუქება, რომ იმ სამოქალაქო პირებმა, ვინც ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე, მოახერხონ ცხოვრების ჩეულებრივ რეჟიმში გაგრძელება და არ ეშინოდეთ უკანონო დაკავებების. ყველა ადამიანის უფლება, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა უნდა დაიცვან - ეს რეკომენდაცია რუსეთის მიმართ არის გაცემული. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ მიიღოს ის მწვავე ჰუმანიტარული სიტუაცია როგორც შემდგარი ფაქტი ამ რეგიონებისა და ეცადოს, რომ ეს სამწუხარო რეალობა გამოსწორდეს და მოუწოდონ ყველა შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციას, დააფასონ და შეასრულონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი", - განაცხადა ლევან ასათიანმა.

მისივე თქმით, რეკომენდაციები ქართული მხარის მიმართაც არსებობს, რათა ქართულმა მხარემ გამოყოს მეტი დახმარება იმ ადამიანების მიმართ, რომელთა სოციალურ ეკონომიკური და სხვა უფლებები გაუარესდა ბორდერიზაციის შედეგად.

ცნობისთვის: კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო „იოტაში" მიმდინარეობს. ანგარიში თბილისსა და მოსკოვს წარედგინა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp