"აბიტურიენტებს, რომლებმაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლა ვერ შეძლეს, განათლების ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვა არ შეექმნებათ"

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის განცხადებით, სამინისტრო გამოიყენებს ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ მათ, ვინც ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ ვერ შეძლეს გამოსვლა და მისაღები გამოცდების ჩაბარება, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვა არ შეექმნათ. 

"ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ჩვენ გამოცდების დაწყების პირველივე დღეს ძალიან ცხადად განვმარტეთ, რომ უმაღლესი განათლების შეზღუდვას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს ამისთვის. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამთავრობო სხვა სტრუქტურებთან, პროცესი გვყავს აყვანილი კონტროლზე და მონიტორინგზე. ამ ორი დღის განმავლობაში სრული მობილიზაცია გამოვაცხადეთ საგამოცდო ცენტრებში, მაგალითად, ზუგდიდის ცენტრი სრულად მობილიზდა და ის აბიტურიენტები, რომლებიც გადადიოდნენ და ზუგდიდის ცენტრში მიდიოდნენ, მიუხედავად იმისა, დარეგისტრირებულნი იყვნენ თუ არა ზუგდიდში (მაგალითად, ზოგიერთი თბილისში იყო რეგისტრირებული), ზუგდიდის ცენტრში გადიოდნენ პროცესს. მობილიზებულია ექიმთა ჯგუფი, ფსიქოლოგები, სპეციალური პირობებია შექმნილი ამ აბიტურიენტებისთვის. ასე რომ, საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს სრული სიმშვიდით, წელს 41 000 აბიტურიენტი გადის ამ პროცესს. რაც შეეხება მათ, ვინც ჯერ ვერ შეძლეს გამოსვლა და ჩაბარება, ან გადმოვლენ მომავალში, ჩვენ ვაგრძელებთ ამ რეჟიმში ყოფნას მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში, ვუყურებთ სტატისტიკას და გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ მექანიზმს, სამართლებრივ ბერკეტს, რათა ამ აბიტურიენტებს არ შეექმნათ შეზღუდვა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისთვის. ცხადია, თუ საჭირო გახდება, საკანონმდებლო ინიცირებასაც დავაყენებთ", - აღნიშნა აბულაძემ.

ანალოგიური პოზიცია აქვთ სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც.

„სხვადასხვა არხების, მათ შორის პირდაპირი კავშირებით მუშაობის შედეგად სრული იზოლაციის პირობებში მოხერხდა ის, რომ ყველა პირი, რომელსაც სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, არიან პენსიონერები, ასევე აბიტურიენტების უმრავლესობა გადმოსულია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდების ნაწილმა უმძიმესი გზა გაიარა, რომ რუსული ბარიერები დაეძლია.

ყველა მათგანთან, მათ შორის დაშავებულ ახალგაზრდასთან, როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ასევე ჯანდაცვის უწყებასა და განათლების სამინისტროს გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, მას სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი დახმარება გაეწევა. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, აბიტურიენტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან საგამოცდო პროცესში ჩართვის საშუალება მიეცათ. ამ დროისთვის, ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 იმყოფება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მონაწილეობს საგამოცდო პროცესში“, – აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

მათივე ცნობით, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში არც ერთი ახალგაზრდას ოკუპირებული რეგიონებიდან არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე.

„მათთვის უკვე მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა რომელიც ზუგდიდსა და თბილისში უფასო მოსამზადებელ ცენტრებში სწავლას, უფასო საცხოვრებელს და 150-ლარიან სტიპენდიას გულისხმობს. ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც ამ ცენტრებში სწავლობს და ისწავლის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში.

სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს, მათ შორის, ეს საკითხი განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე 48-ე რაუნდზე“, – აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, შედეგად აბიტურიენტებმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და მისაღები გამოცდების ჩატარება ვერ შეძლეს. მისაღები გამოცდები გუშინ დაიწყო. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა