მაია ცქიტიშვილი: "იგეგმებოდა ძალიან საშიში პროვოკაცია"

20-21 ივნისის მოვლენების განვითარება ძალიან მძიმე საყურებელი იყო, გასაგებია, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, უახლესი წარსული ფონზე, ადამიანებისთვის ძალიან მტკივნეული, მეტიც შეურაცხმყოფელი იყო რუსი პოლიტიკოსის ხილვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, – ამის შესახებ  ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 20 ივნისს და შემდგომ დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ამ ყველაფერს მალევე მოჰყვა რეაგირება და საკითხი ამოიწურა, მაგრამ ის რაც მოხდა შემდეგ, იყო აბსოლუტურად მიუღებელი.

„ასამბლეა შეწყდა, გავრილოვი ტოვებდა საქართველოს და მიუხედავად ამისა, მას რადიკალებმა, რომლებიც სწორედ პოლიტიკოსების მიერ იყვნენ მართულნი, ბოთლები დაუშინეს. ეს იყო რეალურად საშიში პროვოკაცია, რომელსაც ძალიან მძაფრი და ბევრად მძიმე შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალებმა და დესტრუქციულმა ძალებმა ისარგებლეს.

„თუკი 20 ივნისის საღამოს, პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების გულწრფელი პატრიოტული გრძნობების გამოყენება სცადეს რადიკალებმა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დაბრუნებისთვის, ახლა მათი მთავარი ინტერესი ქვეყნისა და მოსახლეობის ეკონომიკური დაზარალებაა, მათი ამოცანაა შემცირდეს ტურისტების ნაკადი, დაეცეს ლარის კურსი, გაღარიბდეს მოსახლეობა, რათა უფრო ადვილად მართო მერე მათი აგრესია და უკვე ამ ფონზე სცადონ პოლიტიკური რევანში“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, მშვიდობიანი აქციის გამოყენება სცადა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც 2012 წლის შემდეგ მუდმივად რადიკალურ და რევოლუციურ სცენარზე საუბრობს და ამ სცენარის განხორციელებას გეგმავს იქ, სადაც ამის საშუალება მიეცემა.

„მშვიდობიანი აქცია გამოიყენეს და მიზანმიმართულად იყო პარლამენტის შენობაში შეჭრისა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მოწოდებები. პარლამენტი არ არის უბრალოდ შენობა, ის არის ინსტიტუცია, რომელიც სხვა უწყებებთნ ერთად უზრუნველყოფს სტაბილურობას და კონსტიტუციურ წესრიგს ქვეყანაში,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ოკუპაციის თემა ქვეყნის მთავარი საზრუნავია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უპირველესი პრიორიტეტია, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რისთვისაც არაერთი საერთაშორისო ფორმატი და ტრიბუნა არსებობს.

„მიუღებელია რადიკალური პოლიტიკური ძალების მცდელობა ჩაშალოს არამარტო მშვიდობიანი დიპლომატიური პროცესები, არამედ დააზიანოს ხალხთაშორის ურთიერთობები, რეალურად კი სახალხო დიპლომატია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საქმეში ერთ-ერთი მთავარი აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კომპანიას წარდგენილი ჰყავს ორი ინვესტორი, დაველოდებით პასუხს ხელისუფლებისგან“