კრემლის სანქციები: რას ფიქრობენ და ელიან საქართველოში მოღვაწე რუსი ბიზნესმენები

ხუთიოდ დღეში, 8 ივლისიდან ძალაში შევა რუსეთის პრეზიდენტის სანქციები, რომელიც მან  საქართველოს ანტისაოკუპაციო აქციების საბაბით დაუწესა. თუმცა ტურისტულ და სარესტორნე ბიზნესზე კრემლის ეს განზრახვა გახმაურებისთანავე, უკვე თითქმის ორი კვირაა, აისახება. “Настоящее Время” დაინტერესდა, რა მდგომარეობაში არიან, რას ფიქრობენ და რას ელიან საქართველოში ბიზნესის სფეროში მოღვაწე რუსეთის მოქალაქეები.

გლებ გოვოროვი. კურორტები

2011 წელს საქართველოს ერთ-ერთ სამთო-სათხილამურო კურორტზე ააშენა და აამოქმედა სპა-კურორტი Tsarbani. ცხოვრობს იქვე. აქვს რუსეთის მოქალაქეობა.

— ჩვენ სააკაშვილის დროს დავიწყეთ მუშაობა, ყველაფერი ძალიან მარტივი იყო და კარგი, იყო ერთგვარი “დრაივი”. შეგეძლო, მისულიყავი ჩინოსანთან და გეთქვა: "გაუმარჯოს! იდეა მაქვს ასეთი და მისი რეალიზება მსურს", – და ანგარიშს გიწევდნენ. შეიძლება, ითქვას, ერთგვარი მოწინავე კოლმეურნეობა იყო ძველი ფილმებიდან - “ახალგაზრდობას გზა ფართო!”. ივანიშვილის დროს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ცოტა შეიცვალა, ის ატმოსფერო აღარ არის, მაგრამ მაინც ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე რუსეთში.

რაც შეეხება ღვინოს, ჩვენ მშვენიერი საჩუქარი გავუკეთეთ ქართველ მეღვინეებს, ისინი ონიშჩენკოს ხელებს უნდა უკოცნიდნენ. მას შემდეგ, რაც რუსული ბაზარი დაიხურა, ქართველები მსოფლიო ბაზრებზე გავიდნენ და მალევე მიხვდნენ, რომ ხარისხით იმ დონემდე ვერ “ქაჩავდნენ”. გამოიტანეს დასკვნები – და ახლა ქართული ღვინო ბევრად გაუმჯობესდა. არაჩვეულებრივი ღვინოები აქვთ!

“ბორჯომი” კი – ეს წმინდად რუსული ისტორიაა. [საქართველოში] წყაროები ყოველი მთის ძირიდან მოედინება და შესაბამისია მინერალური წყლების სახეობების რაოდენობა. მე “ბორჯომს” არ ვსვამ, სხვა მინერალურ წყალს ვყიდულობ.

ჩვენთან სხვადასხვა ქვეყნებიდან ბევრი ტურისტი ჩამოდის: ბალტიისპირელები, პოლონელები, გერმანელები, უკრაინელები, არაბები, ებრაელები, აზერბაიჯანელები. მაგრამ ეს საერთო რაოდენობის 50%-ია, დანარჩენი 50% რუსეთის მოქალაქეებია. ბუნებრივია, კლიენტებს ვკარგავთ. უკვე ახლა გვაკლდება 20%, ვიღებთ უარებს.

ეს ისტორია გრიპის ეპიდემიის შესახებ იანვრის გამოხტომას ჰგავს. სამთო-სათხილამურო კურორტის მიმართულებით მაშინ ჯავშნების 38% გააუქმეს, პირადად ჩვენთან - 20%. საქართველოში ტურისტული ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს შორის ჭორი დადის, იანვრის კრიზისი იმასთან იყო დაკავშირებული, რომ რუსულ კურორტ კრასნაია პოლიანას [სამთო-სათხილამურო კურორტი სოჭში] კლიენტურა ძალიან აკლდა, ჩვენ კი მეზობლები ვართ და კონკურენტები, ამიტომაც გრიპის ეპიდემიის შესახებ ხმები დააგდესო. შედეგად იანვარი ჩაგვივარდა. და ახლაც, საზაფხულო სეზონის დასაწყისში მსგავსი ისტორიაა.

ნატალია ჩვილიოვა. სარესტორნე ბიზნესი

რამდენიმე ქართული რესტორნის ბრენდ-შეფი. აქვს ორმაგი მოქალაქეობა. საქართველოში უკვე 23 წელია, ცხოვრობს. მშობლიურ სოჭში წელიწადში მხოლოდ ერთხელ ჩადის, როგორც წესი, ზაფხულში.

— გუშინ მოსკოვიდან დამირეკეს მეგობრებმა. ისლანდიაში აპირებდნენ წასვლას, მაგრამ გადაიფიქრეს და ახლა საქართველოში მოდიან. ჰოდა, ველით 18 სტუმარს, დღეს-ხვალ აქ იქნებიან.

მინდა, მჯეროდეს, რომ პრობლემები დროებითია, პანიკაში არ ვვარდებით და იმედი მაქვს, პოლიტიკოსები გონს მოეგებიან, რადგან მათი თამაშებით რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან! ხალხმა მთელი ზამთარი იმუშავა, მთელი გაზაფხული, აგროვა ფული, დაჯავშნა ოტელი, დაიქირავა გიდი, კიდევ რაღაც-რაღაცები – და ახლა რა? ადამიანები დიდ ფულს კარგავენ და შვებულება უფუჭდებათ! ეს არც საქართველოსთვისაა კარგი, არც რუსეთისთვის.

ვფიქრობ, ამ ისტორიას ჩვენთან [საქართველოში] ახლა მტკივნეულად განიცდიან და ასე იქნება კიდევ ორი-სამი კვირა.

ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ არანაირი რუსოფობია აქ არ არის და ვერც იქნება. პირიქით! რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება, გამოჩნდეს ვინმე, ვინც რაიმეისეთს იტყვის. სამი მილიონი ქართველიდან ვინმე შეიძლება, ანტირუსული ლოზუნგებით გამოდიოდეს, მაგრამ დანარჩენი 90% ამის უფლებას თავს არასოდეს მისცემს.

ჩვენთან მშვენივრად მუშაობს გრიბოედოვის თეატრი, სადაც ყველა დადგმა ყოველთვის რუსულ ენაზე გადის და პრობლემა არასოდეს ყოფილა. არასოდეს უარყვიათ რუსეთი და რუსული ენა. მე, მაგალითად,  ქართულად თავისუფლად ვსაუბრობ, მაგრამ შვილებს რუსულად ვეკონტაქტები და 23 წლის განმავლობაში არ მახსოვს, ვინმეს რუსობის ან რუსულენოვანობის გამო გადაკრულად ეთქვას რამე. ნეგატიური მზერაც კი არასოდეს დამიჭერია ჩემს თავზე – ომის დროსაც კი.

თავად სიტუაციის შესახებ შემიძლია, ეს ვთქვა: ჩემთვის ეს სასაცილოა, საბავშვო ბაღის დონე: "სათამაშო დამიმტვრიე? - ახლა მეც დაგიმტვრევ". ჩემი აზრით, ამ რანგის პოლიტიკოსები ასეთ დონეზე არ უნდა ეშვებოდნენ.

ანა დენისოვა. სარესტორნე და სასტუმრო ბიზნესი

საქართველოში 2017 წლიდან ცხოვრობს. მეუღლესთან ერთად გახსნა რესტორანი და ოტელი ბათუმის სიახლოვეს. ორივეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

— საქართველოსთან დიდი ხნის სიყვარული გვაკავშირებს. მრავალი წლის წინ, 1990-ში მომავალ მეუღლეს სწორედ აქ  ვხვდებოდი და უკვე მაშინ აღფრთოვანებულები ვიყავით ქვეყნით, ხალხითა და ირგლივ ყველაფრით. მერე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოს მოვწყდით: საქმეები, კარიერა, ბავშვები... 2008 წელს, ომის დასრულებისთანავე მეუღლეს აქ ბიძა გარდაეცვალა და დაკრძალვაზე ჩამოვიდა. დაბრუნდა დამრგვალებული თვალებით: "ყველაფერი ისეა შეცვლილი, უნდა წავიდეთო!". და წამოვედით გადაჯდომით, კიევის გავლით (მაშინ ეს ჯერ კიდევ შეიძლებოდა) ბავშვებთან და დედამთილთან ერთად.

ყველაფერმა მოგვხიბლა, ვიყიდეთ სახლი სოფელში, მიტოვებულ არატურისტულ ადგილზე, იქ ზაფხულობით ჩავდიოდით.

საქართველო  სულ უფრო მეტად გვიზიდავდა, მაგრამ პარალელურად გვქონდა კარიერა მოსკოვში. მერე კი მეუღლემ აქ კინოკომპანია ჩამოაყალიბა, ბევრს იღებდა და იღებს: რეკლამას, კლიპებს, სერიალებს, სრულ მეტრაჟს – როგორც რუსული, ისე უკრაინული და აზერბაიჯანული ბაზრისათვის, ასევე არაბებისთვის. და მივხვდით, რომ საბოლოოდ აქ უნდა გადმოვბარგებულიყავით. რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ, გვქონოდა ბიზნესი, რომელიც საპროექტო საქმიანობაზე არ იქნებოდა დამოკიდებული. ვიყიდეთ მიწა ზღვასთან, ავაშენეთ ოტელი და გავხსენით 2017-ში.

ჩვენ რუსეთის მოქალაქეები ვართ, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მივიღეთ საქართველოს მოქალაქეობა.

რატომ საქართველო? ჩვენ მსოფლიოს ადამიანები ვართ. დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდით ევროპაში, აშშ-ში, ბევრს ვმოგზაურობდით. მაგრამ აქ ძალიან სასიამოვნო ხალხია, ემოციურად ძალიან კომფორტულია. და ბიზნესის თვალსაზრისითაც ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა, მაქსიმალურად ავტომატიზებული და გამარტივებული. ნებისმიერი აქტივობა – მანქანის  ყიდვიდან ფირმის რეგისტრაციამდე – სულ რამდენიმე წუთს იკავებს. გადასახადებისა და კონტროლის ძალიან მარტივი სისტემაა. მართალია, არის ძალზე მკაცრი სამედიცინო და სანიტარული მოთხოვნები, თუმცა ისინი იმდენად მკაფიოდაა გაწერილი და გასაგებია შესასრულებლად, რომ არანაირი პრობლემა არ იქმნება.

მაგალითად, ჩვენ ოტელის გარდა, რესტორანიც გვაქვს. მეგობრებსაც აქვთ რესტორანი, მაგრამ მოსკოვში. ერთხელ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესებისა და ნორმების შესახებ ცნობარები  შევადარეთ და გავგიჟდი, რამდენად უფრო რთულია ყველაფერი რუსეთში.

ჩვენი ოტელი ბათუმიდან 40 კმ-შია განთავსებული, აქ უნიკალური სანაპიროა – შავი მაგნიტური ქვიშა, - მსოფლიოს მასშტაბით სულ სამი ასეთი სანაპირო ზოლია.

არასოდეს დამითვლია სტუმრები გეოგრაფიული პრინციპით. ყოველთვის იყო ინტერნაციონალი: აზერბაიჯანელები, ჰოლანდიელები, რუსები, იტალიელები... თუმცა წელს მთელს ამ მოვლენებთან დაკავშირებით უკვე ჯავშნების გეოგრაფიასაც ვაქცევთ ყურადღებას. რუსეთიდან – 45%. უარი, რა თქმა უნდა, მოგვდის. ბევრი კი ახლა იმას ფიქრობს, რომელი შემოვლითი  გზით წამოვიდეს.

თუმცა წამოვიდა ჯავშნების გარკვეული რაოდენობა ევროპიდან, თავად საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან. სოციალურ ქსელში ძალიან სიმპათიური ჯგუფი გაჩნდა - “Spend Summer in Georgia”, სადაც ადამიანები წერენ: "წელს [საქართველოში] ჩასვლას არ ვაპირებდით, მაგრამ ახლა ნამვილად ჩავალთ, მოვდივართო". წერენ საბერძნეთიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, აშშ-იდან და პაკისტანიდან. ლამის ყოველ წამს ჩნდება ახალი შეტყობინებები.

რა საჭიროა ეს ყველაფერი? გულახდილად გეტყვით, დიდად არ მჯერა, რომ ეს ტურისტული ნაკადის რუსული კურორტებისკენ გადადინებას გამოიწვევს. ამასწინათ ვიღაცამ გამოდო “პოსტი” თევზზე ფასების შესახებ – ის საქართველოში 5-ჯერ იაფია! რა თქმა უნდა, იქნება სხვა შედეგებიც: ღვინო მყისიერად “მოწამლული” გახდება, “ბორჯომი” - “მეტისმეტად გაზიანი”, პომიდორი - “დავირუსებული”. ყველაფერი გარკვეული დროის შემდეგ გაირკვევა – ვინაა ინიციატორი, ვის აძლევს ეს ხელს...

ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში ის გაცოფებს, რომ დარტყმის ქვეშ დაუცველი ხალხი აღმოჩნდა – პატარა ბავშვებით, მოხუცი მშობლებით. ჩვენს გვერდით არის პროექტი: მოსკოველი გოგონა ურეკის მახლობლად საქველმოქმედო სარეაბილიტაციო ცენტრს აშენებს. აგვისტოში პირველი დამსვენებლები უნდა ჩასულიყვნენ. საქველმოქმედო ფულით მიიზიდა ექიმები, გაარემონტა და გააფართოვა სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ ბავშვებისთვის. და აი, დედები ცერებრალური დამბლის, სხვა მძიმე დაავადებების მქონე შვილებით უბრალოდ ვეღარ ჩამოვლენ...

ამ დროისთვის საკუთრივ რუსეთიდან დაახლოებით 5%, შესაძლოა, უფრო ნაკლები უარი გვაქვს მიღებული. ამ რაოდენობის ნახევარმა ტურის 2020 წლისთვის გადადება ითხოვა – ანუ, პირველად ჩვენს პრაქტიკაში, ხალხი ტურებს ერთი წლით ადრე ჯავშნის.

ნიკა ბუნიაევა. ტურიზმი

არის პროექტების პროდიუსერი, ტურებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზატორი. საქართველოში 2013 წლიდან ცხოვრობს, გადმოვიდა მოსკოვიდან. აქვს რუსეთის მოქალაქეობა.

- საქართველოში მე-6 წელია, ვარ, მოსკოვიდან რთულ კლიმატს გამოვექეცი. თანაც ბიზნესის წარმოებაც აქ უფრო სასიამოვნოა. პლუს ამას, მრჩება დრო, მთებს და ზღვას ვუყურო.

უახლოესი ორი თვისთვის მსხვილი ტურისტული ჯგუფების ორი შემოსვლა გვქონდა შეთანხმებული. უმეტესობამ უარი თქვა ფრენების აკრძალვის გამო. ჩვენ მსურველებს “შემოვლით” მარშრუტებს ვურჩევთ, ან ტურში სომხეთის ჩამატების რეკომენდაციას ვიძევით. ეს კარგია, რადგან ჩვენ ტურებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის საზღვრების გაფართოების შესაძლებლობას გვაძლევს. ჩემი თვალთახედვით, განსაკუთრებული პრობლემები არ არის, რადგან საქართველოს ირგვლივ არსებობს ბევრი ქვეყანა და არც სოჭი გაუუქმებია ვინმეს: ჩაჯექი “რაკეტაში” და ბათუმამდე მიგიყვანს.

მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ყოველთვის ვცდილობ, პოზიტიურად განვეწყო. 6 წლის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ მქონია, ჩემს მიმართ მხოლოდ კეთილი და კარგი დამოკიდებულება მიგრძვნია. რიგითი ადამიანები ძალიან მეგობრულები არიან და პრობლემები არ სურთ. ეს ყველაფერი პოლიტიკური თამაშებია. ვფიქრობ, ისინი პოლიტიკოსებს უნდა დავუტოვოთ.

ზურაბ ჭითაია. სარესტორნე ბიზნესი

ჟურნალილსტი და რესტორატორი. დაიბადა აფხაზეთში, 22 წელი რუსეთში გაატარა (დევნილის, არალეგალისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსით). მალე 4 წელი შესრულდება მისი საქართველოში ჩამოსვლიდან. ახლა საქართველოს მოქალაქეა.

— ამ მწკრივში ალბათ, ყველაზე სწორი პერსონაჟი არ ვარ. არც ერთი ჩემი ბარი არ არის ორიენტირებული მხოლოდ რუს ტურისტებზე ან მხოლოდ ექსპატებზე (თბილისი კი ექსპატების ქალაქია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დედაქალაქი). რა თქმა უნდა, ჩვენ უნივერსალურები ვართ და ნებისმიერი სტუმარი გვიხარია, თუმცა იმთავითვე დავისახეთ მიზნად, თბილისელები ბარ-კულტურას გვეზიარებინა.

ხშირად მითქვამს მეგობრებისა და ნაცნობებისთვის, მათ შორის - მათთვის, ვინც საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და აქ ბიზნესი გახსნა, რომ კლიენტების ვიწრო წრეზე ორიენტირება საშიშია, განსაკუთრებით – თუ ისინი რუსეთიდან არიან. ჩვენ არ ვიცით, ვერ მოვახდენთ იმის პროგნოზირებას, კიდევ რა მოუვათ თავში მეზობელი ქვეყნის მთავრობაში მყოფ ადამიანებს და რას მოიმოქმედებს პუტინი, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთის მოსახლეობას პირად აქტივად, ყმებად მიიჩნევს და თვლის, რომ შეუძლია, ტურისტულ ნაკადებს მიმართულება ხელით შეუცვალოს.

წელიწადში 7 მილიონი ტურისტი გვყავს, აქედან რუსეთის მოქალაქეები დაახლოებით 1,5 მილიონს შეადგენენ. უკვე დიდი ხანია, მიდიოდა საუბრები იმაზე, რომ ამ კუთხით რუსეთისკენ გადახრა საშიში იყო და, სამწუხაროდ, უკანასკნელმა მოვლენებმა ეს დაადასტურა. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს დიდი ზარალია ბიზნესისთვის – წელს რუსეთიდან უამრავი დაჯავშნა გვქონდა, ალბათ, ყველაზე ბევრი ბოლო დროის განმავლობაში. ამის ჩანაცვლება სხვა ქვეყნებიდან ნაკადით მომენტალურად ვერ მოხერხდება. ესე იგი, წინ ძალზე რთული, კრიტიკული მონაკვეთი გველის.

ციფრებზე საუბარი ჯერ-ჯერობით რთულია, ყოველ შემთხვევაში – წლის ბოლომდე. მაგრამ ნებისმიერი კრიზისი – ეს, მათ შორის, შესაძლებლობაცაა, ჩვენს შემთხვევაში – შანსი ბაზრის დივერსიფიკაციისთვის.

ამ უცნაური, უსამართლო, სულელური გადაწყვეტილების ფონზე ადამიანები სხვა ქვეყნებიდან ცდილობენ, დაგვეხმარონ – როგორც ტუროპერატორები, ისე სახელმწიფო დონეზე. იზრდება ტურისტების რაოდენობა ევროპიდან.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას ქალიშვილთან ერთად დაესწრო