Amnesty International საქართველოს ხელისუფლებასა და დე ფაქტო მთავრობებს რეკომენდაციებით მიმართავს

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოყოს შესაბამისი ფინანსური და სოციალური დახმარება იმ ოჯახებისთვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები „ბორდერიზაციის“ შედეგად შეილახა. აღნიშნულის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება. კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებით იმ პირების დახმარება უნდა მოახდინოს რომლებმაც „ბორდერიზაციის“ გამო სახნავ-სათეს მიწებზე, ხეხილის ბაღებზე და საძოვრებზე წვდომა დაკარგეს.


„საქართველოს მთავრობამ უნდა გაავრცელოს სახელმწიფო რეფერალური პროგრამა გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებზეც, რათა მათაც ისე შეძლონ უფასო ჯანდაცვით სარგებლობა, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის სხვა მცხოვრებლებმა; გამოძებნოს და მიიღოს ყველა შესაძლო ზომა „ბორდერიზაციით“ გამოწვეული დარღვევების თანამშრომლობის გზით გამოაშკარავებაში და აღმოფხვრაში, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით (ფორმალურად ან არაფორმალურად)“- ნათქვამია Amnesty International-ის კვლევაში.

ამასთან,  ორგანიზაცია მოუწოდებს ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს, გახსნან აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე გადასასვლელები და უზრუნველყონ გადასასვლელების შეუფერხებელი ფუნქციონირება ცხინვალის რეგიონის გასწვრივ არსებულ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან; ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც საქართველოში „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება, ასევე გაცემულია რეკომენდაცია დეფაქტო მთავრობების მიმართ, მოხსნან თვითნებური შეზღუდვები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მდებარე საფლავებისა და რელიგიური ნაგებობების მონახულებაზე.


„მოვუწოდებთ, შეწყვიტონ მოსახლეობის თვითნებური დაკავებები და პატიმრობაში მყოფი პირები წამებისა და სხვა სახის არაადამიანური მოპყრობისგან დაიცვან; შეწყდეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვები, რაც უარყოფითად აისახება ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე; ადგილობრივ მოსახლეობას, რომელმაც „ბორდერიზაციის“ შედეგად, საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომა დაკარგა, კვლავ მიეცეთ ამ მიწების გამოყენების შესაძლებლობა; თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლის შედეგადაც, ადგილობრივმა მოსახლეობამ შესაძლოა კიდევ დაკარგოს საარსებო წყარო - სასოფლო-სამეურნეო მიწები ან მათზე წვდომა; სრულად ითანამშრომლონ ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო მონიტორინგის მისიებთან. მათ შორის: დაუშვან და ხელი შეუწყონ საერთაშორისო მონიტორების სრულ და შეუზღუდავ წვდომას რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე. კერძოდ: დაუშვან და ხელი შეუწყონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე“, - ნათქვამია Amnesty International-ის კვლევაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp