"აქციის დაშლა არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება"

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, “აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა. ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი, თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე”. 

მისი თქმით, საზოგადოება რეალობას კარგად ხედავს.

“გვახსოვს ჩვენ, როგორ განვითარდა მოვლენები. თქვენ თუ გინდათ, რომ არ დავინახოთ, რეალურად რა იყო და როგორ იყო, ეს სხვა თემაა, მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ფაქტი, რომელიც მოხდა, დამახინჯებულად, არასწორად მიაწოდოს მოსახლეობას. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ შეგვიძლია გავყვეთ ქრონოლოგიურად, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რატომ დაიწყო შეტევა, რომელი განცხადებების, ვისი მოწოდებების შემდეგ დაიწყო, ეს ყველაფერი თქვენ მიერ გადაღებულია და საზოგადოებამ არაერთხელ იხილა“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp