"კითხვაზე, უნდა გვჯეროდეს თუ არა მოსკოვის, რუსი ექსპერტებისგან იყო პასუხი, არა"

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, 20 ივნისს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ კი კრემლმა ბერკეტის გამოყენება და ამ გზით საქართველოზე ზეწოლის განხორციელება დაიწყო, თუმცა ქართველი ექსპერტები კიდევ უფრო ხისიტი ნაბიჯების მოლოდინში არიან, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით. რა ნარატივებს ამუშავებს რუსეთი, რატომ ცდილობენ კრემლთან დაახლოებული რუსი ექსპერტები მოსკოვის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილ ქართველ კოლეგებთან შეხვედრას, როგორ აღიქვამენ ქართულ კონტექსტს, ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, რუსეთიდან ახლადდაბრუნებულ გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.

გიორგი გობრონიძე: როგორც ყოფილი, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველი პოლიტიკური ელიტები ვერ იაზრებდნენ, რომ სადღეისოდ საქართველოს რუსეთთან საომარი მდგომარეობა აქვს:  2008 წელს დადებული “ცეცხლის შეწყვეტის შესახებ” შეთანხმება არ არის სამშვიდობო ხელშეკრულება, ის არ შესრულებულა რუსეთის მხრიდან. ამ მოცემულობაში საქართველოს მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინა, რათა დროებით დამყარებული მშვიდობისგან ყველაზე მეტი ეფექტი მიეღო. ეს გულისხმობდა ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულების 0%–მდე შემცირებას, თუმცა სადღეისოდ საპირისპირო მოცემულობა გვაქვს: ჩვენ ვიღებთ პოლიტიკას, რომელიც თითქოსდა რუსეთთან ურთიერთობის დათბობისკენაა მიმართული. თავის დროზე ამას რაღაც ახსნა ჰქონდა, თუმცა მას არც მაშინ ვეთანხმებოდი. მაგალითად, ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ცალმხრივად გვაქვს უვიზო რეჟიმი... საქართველოსა და რუსეთს შორის განგრძობადმა მშვიდობამ ტურისტული ნაკადების ზრდა მოიტანა და ქვეყანა რუსეთის ფედერაციაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულად გადაიქცა, რადგან ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია. ამას ისიც მოჰყვა, რომ ჩვენი ბაზრები, ჩვენი სივრცე, ჩვენი ეკონომიკა ძალიან გაიხსნა რუსეთისთვის. ამას მოწმობს საქართველოში მოქმედი რუსული ბიზნეს-ოპერატორების, ან რუსეთის მოქალაქეების ხელში არსებული ბიზნესების რაოდენობა. ნუ გვექნება ილუზია, რომ თითოეული მათგანი ნატურალიზებული ქართველია რუსეთში, ან ისინი არიან ქართველები, რომლებსაც ორივე ქვეყანაში ბიზნესი აქვთ. ძალიან ბევრი ჩამოდის რუსეთიდან, ძალიან ბევრი საოჯახო ტიპის სასტუმრო თუ კაფეა რუსეთის მოქალაქეების ხელში, აღარაფერს ვამბობ მსხვილ ბიზნესებზე: სისტემატიურად ხდებოდა და ახლაც ხდება სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. შესაბამისად, დღეს ჩვენ ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ – ძალიან მაღალია რუსული სპეცსამსახურების ოპერატიული შეღწევადობის რისკი. დავიჯერო, ჩვენ ვიცით, ვინ ჩამოდის და რა ბიზნესს აკეთებს საქართველოში, ყველაფერი შესწავლილი აქვს უშიშროების სამსახურს?! შემდეგ ათასგვარი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ კარპენტერმა [ბაიდენის ცენტრის დირექტორი და ვიცე-პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკაში] არასწორად არ დაწერა, რომ ამგვარი პოლიტიკით ჩვენ შესაძლოა, 20% კი არა, 100% მივიღოთ ოკუპაციის მხრივ. 

იმ პირობებში, როდესაც სახეზეა განგრძობადი, მცოცავი ოკუპაცია, ოკუპირებულ რეგიონებში შეუქცევადი სამხედრო აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთისგან სამხედრო რისკის ქვეშ ვართ და თბილისში ყველა შენობა ცხინვალიდან რუსული არტილერიის დაფარვის ზონაშია, ხელისუფლებამ მოახერხა და თითქმის პირველ ეკონომიკურ პარტნიორად აქცია რუსეთი.  თუ გამონაკლის ინსტიტუტებს არ ჩავთვლით, როგორიცაა, მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო, ქვეყანას პრაქტიკულად არ გააჩნია ის, რაც უნდა გვქონოდა: 2008 წლიდან მოყოლებული, უნდა შეგვემუშავებინა რუსეთის შეკავებისა და წინააღმდეგობის პოლიტიკა. ყველაზე ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს რუსეთთან მიმართებაში, იყო გავრილოვის აქტი. თვითონ გავრილოვი, როგორც ერთგვარი არქეტიპი თანამედროვე რუსული იდეოლოგიისა, არის კომუნიზმს შერწყმული მართლმადიდებლობა პლუს იმპერიალიზმი. ამის განსხეულება ჩვენ საკუთარ ქვეყანაში მივიღეთ, რასაც ხელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებმა შეუწყვეს. ერთი წელი იხვეწებოდაო საქართველო, რომ ეს ღონისძიება თბილისში ჩატარებულიყო და მაინც და მაინც პარლამენტის შენობაში უნდოდათ ამის გამართვა. რაში დაგვჭირდა? რა ვაჩვენეთ და ვის? რა საერთაშორისო პრესტიჟი მოჰქონდა ამას? ეს დაახლოებით იგივე ტიპის ღონისძიებაა, როგორც „ჩემი ცოლის დაქალებში“ [ქართული სერიალი] იყო მართლმადიდებლური კერძების ფესტივალი. ეს ყველაფერი ამად გვიღირდა? ეს იყო პოლიტიკური რევერანსი, რომ კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ჩვენი კაპიტულანტური დამოკიდებულება და გაუგებარი პოლიტიკა. თავის დროზე, როდესაც რუსეთს სანქციებს უწესებდნენ, ჩვენ ამ მიმართულებით არ გვიაქტიურია, არ შევუერთდით და ამას ჩვენი ეკონომიკური ინტერესით ვხსნიდით. საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც რუსეთისგან უნდა მიგვეღო – დარტყმა ჩვენს ეკონომიკაზე და ეს კიდევ დასაწყისია. ჩვენ უდიდესი რისკის ქვეშ ვარ, რადგან ქვეყანას არ გააჩნია რუსეთის პროპაგანდასთან ბრძოლის, რუსეთის ადგილზე შეკავების პოლიტიკა და რუსეთის პოლიტიკის დღის წესრიგის საწინააღმდეგო დღის წესრიგი. არ არის კონსენსუსი, თუ რა უნდა საქართველოსგან რუსეთს, რასაც 40–წლიანი დებატები არ სჭირდება, რადგან მარტივი გამოსაცნობია, შესაბამისად, არ ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ, რომ გადავრჩეთ და შევდგეთ, როგორც წარმატებული სახელმწიფო.

ბრძანეთ, ჩვენმა ხელისუფლებებმა სურათი ვერ გაიაზრესო. როგორ ფიქრობთ, რა არის საფუძველი, სიტუაციის ადეკვატურად ვერაღქმა, თუ კიდევ უფრო ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე?

ამის საფუძველი ბევრი რამ არის. შეთქმულების თეორიის განვითარება და იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაც ვიღაცის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს, არ მინდა, თუმცა ამის გამორიცხვაც არ შეიძლება. ადამიანები ხშირად იჯერებენ იმას, რაც უნდათ, რომ მოხდეს და არა იმას, რაც რეალურად არის მოსალოდნელი. ამასთან, უკიდურესად შეზღუდულია აკადემიური რესურსები რუსეთის მიმართულებით ექსპერტიზის თვალსაზრისით; საჯარო სამსახურების ანალიტიკური რესურსები, იგივე საქართველოს პარლამენტის ანალიტიკური რესურსი, რომელიც ტონის მიმცემი უნდა იყოს. მათ [პარლამენტს] რომ რაიმე რესურსი ჰქონოდათ, გავრილოვი იქ არ მოხვდებოდა, სადაც მოხვდა; ამდენად, ეს არის ინტელექტუალური რესურსების, დანახვის, მონდომების ნაკლებობის და შიშის შედეგი. ჩვენი პოლიტიკური კულტურის ნაწილია, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ იმ ნიშნით, თუ ვინაა კარგი მენეჯერი, ამ დროს კი ჩვენ კარგი პოლიტიკოსი გვჭირდება. ჩვენ დღეს პოლიტიკურ ელიტებში გვაქვს პოლიტიკოსების ნაკლებობა, რომლებიც პოლიტიკურ ხედვას დადებენ. მიდგომა კორპორატიულია: მოკლევადიან პერსპექტივაში რაღაცისგან როგორ გადავრჩეთ და მივიღოთ სარგებელი. დღეს ხალხს არ მოშივდეს, ამიტომ ეკონომიკური პარტნიორობა დავამყაროთ ქვეყანასთან, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით გვეომება. მოსკოვმა ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და კვარაცხელიას შემთხვევაში მკაფიო გზავნილი გამოგვიგზავნა: მიუფურთხებიათ ქართველის სიცოცხლისთვის. როდესაც ოთხოზორია უსაფრხოების კამერების წინ მოკლეს, რეაგირება ნულოვანი იყო, ჩვენ კი ამ ძალასთან ეკონომიკურ თანამშრომლობას ვამყარებთ. მესმის, რთულია, მაგრამ დამსხდარიყვნენ და ეკონომიკური განვითარების იმდაგვარი კონკრეტული გეგმა დაედოთ, სადაც რუსეთის ხვედრითი წილი მაქსიმალურად დაბალი იქნებოდა. ჯერ ერთი, ცუდია ეკონომიკის რომელიმე ძალაზე მიბმა, მით უფრო ძალასთან, რომელთანაც საომარი მდგომარეობა გაქვს, თან ამ მდგომარეობას საომარს არ არქმევ. ტერიტირიული კონფლიქტის შესახებ ისე ისმის, თითქოს უბრალოდ ეს მოცემულობა დაგვიდგა და მორჩა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს დესუვერენიზაციის პროცესი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს და ამას თავისი სახელი უნდა ერქვას. პრობლემა იმაშიც არის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილში ამ პრობლემის ჯეროვანი აღქმა არ ხდება, შესაბამისად რატომ გვიკვირს, რომ პოლიტიკურ ელიტებს არ აქვთ ის ხედვა, რომელიც ასევე არ აქვს საზოგადოებას?!

თქვენ გავრილოვის ვიზიტზეც გაამახვილეთ ყურადღება. უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს ვიზიტი უსაფრთხოების ჭრილში არ ყოფილა შეფასებული, რისკები გათვლილი, ეს თქვენთვის რაზე მეტყველებს?

იმაზე, რომ ჩვენ კონკრეტული ხედვები არ გვაქვს. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტი ბოლოს 2011 წელს განახლდა, ამ რვა წლის განმავლობაში კი უსაფრთხოების ლანდშაფტი შეიცვალა და ერთადერთ ხელჩასაჭიდად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშები გვრჩება. ის კიდევ ცალკე საკითხია, ამ ყოველწლიურ ანგარიშში რა და როგორ არის ასახული, თუმცა კარგია, რომ გვაქვს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ამ მიმართულებით გარკვეულწილად ჩამორჩენილია. ჩვენ რომ გვქონდეს დოკუმენტი რუსეთის შეკავების შესახებ, ჩვენ სულ მცირე, იმას შევძლებდით, რომ ასეთი უცნაური ღონისძიებები არ ჩატარებულიყო საქართველოში.

გიორგი, როგორც ვიცი, ახლახანს დაბრუნდით რუსეთიდან. გვიამბეთ თქვენი შეხვედრების შესახებ.

ეს იყო ქართულ–რუსული საექსპერტო წრეების და ახალგაზრდული ჯგუფების შეხვედრა, ასევე იყვნენ ჩართული რუსეთში მყოფი ქართული დიასპორული ორგანიზაციები. მანამდეც იყო მსგავსი შეხვედრა, რომელშიც 39 რუსი ექსპერტი მონაწილეობდა, საქართველოდან კი 10–მდე ადამიანი იყო ჩასული. რა თქმა უნდა, ორივე ღონისძიება გორჩაკოვის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული, რადგან მსგავს ღონისძიებას რუსეთში ვერავინ გააკეთებს. ამ შეხვედრებზეც საუბარი მიმდინარეობდა იმ თემებზე, რაც აქტუალურია ქართულ–რუსულ ურთიერთობებში. ჩემს მოსაზრებას ვიტყვი: მოსკოვში არსებობს აღქმა, თითქოს მათ [რუსეთს] საქართველოსთან და ქართველებთან პრობლემა არ აქვთ; თითქოს ადგილზე [საქართველოში] ყველაფერი მოგვარებულია; მათთვის მაინც და მაინც მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები...ანუ რაზეც ვსაუბრობთ, რომ რუსეთი ჩვენ განგვიხილავს უკანა ეზოდ, ეს ამის ნათელი ლუსტრაციაა. აქ ჩემთვის საინტერესო სხვა რამ იყო: იქ არის ქართული დიასპორა, მის მნიშვნელოვან ნაწილს საღად მოაზროვნე ადამიანები შეადგენენ, რომლებიც ჩვენ უბრალოდ დავკარგეთ. ქართული დიასპორის ინსტრუმენტალიზაციას რუსეთი ჩვენი ინტერესებისვე საზიანოდ ცდილობს. წარმოიდგინეთ, არსებული სავიზო რეჟიმის პირობებში ჩვენს დიასპორასთან კომუნიკაცია გვაქვს შეზღუდული, ჩვენ კი ცალმხრივად გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმი დაწესებული. ჩვენ ჩვენს დიასპორას ვერ ველაპარაკებით, ამ დროს რუსები რაღაც ისტერიას აწყობენ მათი მოქალაქეების დაცვასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა ჩემთვის იმითაც იყო საინტერესო, რომ აქცენტი კეთდებოდა რაღაც საერთო სულიერ მემკვიდრეობაზე, საერთო სულიერ ღირებულებებზე, ერთმორწმუნეობის თემაზე, ჩამოვდივარ და მეორე დღეს ხდება გავრილოვის ამბავი. ცუდად დაემთხვა დროსა და სივრცეში, რომ რელიგიაა ის, რაც გვაერთიანებს და გადაგვალახინებს ყველა სირთულეს, – ამაზე იყო იქ საუბარი. იქ ვიზიტიც იყო იმ სიტუაციის ერთგვარი რეფლექსია, რაც ხდებოდა საქართველოში და ეს იძლევა კარგ საშუალებას, დავინახოთ ტენდენციები, სამეცნიერო ტრენდები ჩვენთან მიმართებაში. როდესაც კომუნიკაცია გაქვს მეორე მხარესთან და ეცნობი მოსაზრებებს, რომელიც მათ გააჩნიათ პრობლემებზე, ეს იძლევა მოვლენათა პროგნოზირების შესაძლებლობას. იგივე ოკუპაციასთან დაკავშირებით ერთი მოცემულობა გახლავთ ის, რომ, რა თქმა უნდა, თვლიან, რომ მათ აღიარეს ტერიტორიები და ამით კონფლიქტი ამოიწურა; მეორე, მუდმივად ცდილობენ ჩვენს დარწმუნებას, თითქოს რუსეთი აღარ არის საქართველოსთვის საფრთხე. ამ შეხვედრებზე ისმოდა, „ჩვენ ვართ ერთნი“, „ჩვენ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს“, „გარკვეულ ძალებს არ სურთ ჩვენი ერთად ყოფნა“ და ა.შ. თითქოს ოკუპაციის მომენტი გააქვთ ფრჩხილებს გარეთ. მაგალითად მარტის ვიზიტისას [რუსეთში] კეთდებოდა აქცენტი, რომ თურქეთიდან რუსეთსა და საქართველოს საერთო საფრთხეები ემუქრება. აქ ლოგიკური კითხვა ჩნდება – თურქეთი ერთადერთი მეზობელია, რომელთანაც საქართველოს ტერიტორიული დავა არ აქვს, რუსეთი კი ჩვენი ტერიტორიების მოქმედ და მცოცავ ოკუპაციას ახორციელებს. შევხედოთ რაციონალურად, როგორ უნდა ითანამშრომლო ერთადერთი ნორმალური მეზობლის წინააღმდეგ ოკუპანტ ქვეყანასთან?! ხომ აბსურდია? მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ როდესაც ამგვარი გზავნილები მუშავდება და ხვდება საინფორმაციო ველში, მას საზოგადოების ნაწილის მხრიდან მხარდაჭერა მოჰყვება ხოლმე. ანუ, იქ არსებულ იდეათა რეფლექსიას საბოლოო ჯამში აქ ვხედავთ.

ერთმორწმუნეობა რუსული ნარატივის ერთ–ერთი ძირითადი, ხშირადგამოყენებადი ხაზია და როდესაც ამ თემაზე საუბრობენ, საქართველოში დასაყრდენ ძალას სად ხედავენ?

ზოგადად „მორწმუნე ქართველებში“. ორგანიზაციების და ჯგუფების დაკონკრეტებას არ ახდენენ, მაგრამ მგონია, ასეთი დაკონკრეტება არცაა საჭირო, ყველაფერი ისედაც ნათელია. გადასარევად ჩანს, ვინ მოგვევლინება ხოლმე ფსევდორელიგიურობის და ერთმორწმუნეობის სიმბოლოდ. აქ კიდევ მეორე კითხვაც უნდა დაისვას ეთიკური ჭრილიდან, თუ რამდენად არის ის ყველაფერი ქრისტიანობა, რასაც ეს ადამიანები საერთო ღირებულებას უწოდებენ. რამდენად შეიძლება, ვისაუბროთ ქრისტიანულ ერთობაზე, როდესაც მხოლოდ რაღაც ჯგუფის, მაგალითად, ლგბტ–ს სიძულვილი შეიძლება, აერთიანებდეს ორ საზოგადოებას. როდესაც ქრისტიანობა აბსოლუტური სიყვარულის რელიგიაა, რანაირად შეიძლება, სიძულვილი იყოს გამაერთიანებელი ორი ერთმორწმუნისათვის?! ერთმორწმუნეობის ნარატივებს  იყენებენ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ საქართველოში ულტრამემარჯვენე, ფსევდონაციონალისტური იდეების გაღვივებას. ეს ახალი ტრენდია. აქამდე ულტრანაციონალისტური ქართული ჯგუფები არ გვყავდა, თუმცა ბოლო პერიოდში ხსენებული ნარატივის გაჩენის პარალელურად მსგავსი ჯგუფების გაძლიერება ხდება.

არის საუბრები სახალხო დიპლომატიის გაძლიერების საჭიროებებზე და თქვენ ამაში აზრს ხედავთ?

გამიკვირდა ის, რომ ყველანი, ვინც საქართველოდან ვიყავით წასულები, გახლდით რუსული პოლიტიკის მიმართ ძალიან კრიტიკულად განწყობილნი. ამით იყვნენ დაინტერესებული ის ადამიანები, ვინც იქ თითქოს სახალხო დიპლომატიის კუთხით მუშაობენ. არ მაქვს ილუზია, რომ ვინმე რადიკალურად შეიცვლის თავის შეხედულებას, უბრალოდ, როგორც ჩანს, კრიტიკულად განწყობილი პირების მოსმენა დაიწყეს, დაინტერესდნენ, რა უპირისპირდება მათ საინფორმაციო პოლიტიკას, პროპაგანდას, პოლიტიკურ დღისწესრიგს თუ ა.შ. და რატომ არ ეთანხმებიან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთს სრულფასოვნად არ აქვს აღქმული ქართული კონტექსტი, რაც გასაგებია, რადგან საქართველო რუსეთში ღია პრორუსულ პლატფორმაზე მყოფი ადამიანებით არის წარმოდგენილი, რომლებიც მოსკოვისგან იღებენ მხარდაჭერას და იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა არ შემცირდეს, აწვდიან ცრუ ინფორმაციას, თითქოს მათი პოლიტიკა წარმატებულია. განვიხილოთ თუნდაც გავრილოვის ვიზიტი, აღმოჩნდა, რომ არც ერთმა ადამიანმა, მათ შორის არც ეკლესიამ არ ისურვა ამ ფორუმის დაცვა, იმდენად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ამას არ ელოდნენ მოსკოვში, ეს აშკარაა და რეაქციაც ამაზე მიუთითებს, რადგან ერთადერთი ბერკეტი, რითაც მოსკოვი საქართველოზე ზემოქმედებს, გარდა სამხედროსა, ესაა ეკონომიკური და პირდაპირ ამის ჩაჭრა დაიწყეს.

რუსული მხრიდან ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრებს? კრემლთან დაახლოებული საზოგადოება, ნეიტრალური...

ჩვენ ვსაუბრობთ სახალხო დიპლომატიის მხარდამჭერ გორჩაკოვის სახელობის ფონდზე, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფრთებქვეშ არის შექმნილი. უმეტესობა აკადემიური წრეებიდანაა, რომლებიც რუსეთში მუშაობენ, იზიარებს ან მეტნაკლებად იზიარებენ სამთავრობო ნარატივებს და პოლიტიკას. შესაბამისად, ვინც კი სიტყვას ამბობს ამ მიმართულებით და ქმნის სამეცნიერო აზრს, სამთავრობო ჯგუფებთან არიან დაკავშირებული. ამ ტიპის ექსპერტები იყვნენ, სხვათა შორის, რუსეთში საკმაოდ ავტორიტეტული და გავლენიანები რაღაც მიმართულებით. მათი მოსმენაც საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ეს ადამიანები გარკვეულწილად გვაცნობენ რუსეთში არსებულ აზრს ჩვენს შესახებ. მაგალითად ერთ–ერთ პანელზე მე და ჩემს რუს კოლეგას მოგვიწია დაპირისპირება, რადგან ავითარებენ აზრს, რომ თურმე საქართველო თავისი დასავლური კურსით რეგიონში რუსეთისთვის მიუღებელ მოცემულობას ქმნის და თუ საქართველო წარმოადგენს რკინა–ბეტონის გარანტიებს, რომ არ გახდება დასავლური ალიანსის წევრი, შეიძლება,  მოსკოვი ოდესმე დაფიქრდეს იმაზე, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები თანაბარუფლებიან კონფედერაციაში აღმოვჩნდეთ. დაახლოებით იგივეს გვთავაზობდა 1997 წელს პრიმაკოვი. ჩვენი პოზიცია იყო: სურათს თავიდან ბოლომდე შევხედოთ – არც ნატო და არც ევროკავშირი არ იყო, მაგრამ იყო მოსკოვი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოდ ვერ აღიქვამდა და მივიღეთ ურთიერთობების დალაგების ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები; 1994–99 წლებში ჩვენზე პრორუსული სახელმწიფო უბრალოდ არ არსებობდა – ძალოვანი მინისტრები ინიშნებოდნენ კრემლიდან რეკომენდაციით. ერთი მილსადენის [ბაქო–ჯეიჰანი] გაყვანა მოვინდომეთ და რუსეთის სამხედრო დაზვერვამ საქართველოს პრეზიდენტს მოუწყო ტერაქტი, ხოლო როდესაც 1997 წელს ჩავაგდეთ პრიმაკოვის გეგმა, მეორე ტერაქტი და ლამის მცირე ომი მოაწყვეს. ამ ყველაფრის საფუძველზე ჩნდება უბრალო კითხვა – გვაქვს ჩვენ საფუძველი, რომ რუსეთს ვენდოთ, რომ ის დაგვეხმარება კონფედერაციის შექმნაში და ამის გამო ყველა აღებულ საერთაშორისო ვალდებულებაზე ვთქვათ უარი? მით უფრო, რომ 2008 წლის მაგალითი გვაქვს, როდესაც ევროპამ დიპლომატიური უარი გვითხრა საგარეო დიპლომატიის კიდევ უფრო წინ წაწევაზე, ეს მოსკოვში ღამის კოშმარად აღიქვეს. საინტერესოა ისიც, რომ თავად რუსი ექსპერტები არ უარყოფენ, რომ 2008 წელს საქართველოში რუსული ინტერვენცია სწორედ იმისთვის განხორციელდა, რომ მას საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ დაეშვა. რუსულ საექსპერტო წრეებში არ კამათობენ, ვინ დაიწყო საქართველო–რუსეთს შორის ომი.

განსხვავებით ჩვენგან. ჩვენ ისევ თვითგვემაში ვართ რატომღაც...

დიახ. ჩვენგან განსხვავებით იქ ამ საკითხზე კონსენსუსია. ახსნაც აქვთ, მათ ეგონათ, რომ რუსეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პრევენციას მოახდენდა. რუსეთი მოქმედებდა უარესი სცენარის დაშვების პრინციპით. ჩვენთან ამაზე დღემდე კამათობენ, რაც გაუგონარია, ჩვენს აკადემიურ, პოლიტიკურ წრეებში ამაზე თანხმობა არაა. რაც შეეხება ჩვენს კითხვას, გვაქვს თუ არა საფუძველი, ვენდოთ რუსეთს, მათგან პასუხი იყო, „არა“. საქმე იმაშია, რომ ამაზე საუბარი თავადაც უჭირთ.  

გავრილოვის ვიზიტის შემდეგ მოვლენებზე ვნახეთ კრემლის რეაქცია, ვისმენთ ჩინოვნიკების, საზოგადოებისთვის ცნობადი, თუ რიგითი მოქალაქეების განცხადებებს და თავად საექსპერტო საზოგადოების რეაქცია როგორი იყო? საზოგადოებრივი პროტესტი მათთვის იყო მოულოდნელი?

ამ თემაზე მათთან კომუნიკაცია არ მქონია. თავად გავრილოვის თემაა იმდენად ტრაგიკომოკური...2011 წელს შევედით ამ ასამბლეაშიო. რა გვინდოდა? ვიხვეწებოდითო და რატომ? ეს ყველაფერი იმდენად აბსურდულია... ცნობილია, რომ რუსეთი მართლმადიდებლურ სამყაროში პოლიტიკური ძალის ცენტრად ჩამოყალიბებას ცდილობს  მოსკოვი, რუსეთის საპატრიარქო, შესაბამისად, ეს საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც არაფერია სხვა, თუ არა რუსეთის ჰეგემონიით შექმნილი კიდევ ერთი ფსევდორელიგიური ინტეგრაციული ფორუმი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ღირებული, უბრალოდ ეს არის მხოლოდ პოზიციონირება. ამ ანსაბლეაში შესვლა და ღონისძიების აქ გამართვაც იყო ერთგვარი რევერანსი, რომლის შედეგებზეც არავის უფიქრია. რუსული მხარის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავიდან ყველაფერი ძალიან მაგრად დაიწყოო. ალბათ ესეც იყო ჩაფიქრებული: მაქსიმალურად უნდა ესიამოვნებინათ რუსული დელეგაციისთვის, რომ ეჩვენებინათ, „ჩვენ სამშვიდობო განწყობა გვაქვსო“. ეს გაუაზრებელი პოლიტიკის ნაწილია. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – სახელმწიფო, რომელთანაც გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც რუსეთთან, არ შეიძლება იყოს სტუმარი მსგავს ღონისძიებებზე; არ შეიძლება სახელმწიფოში მათი ასეთი დონის პოზიციონირება და მათთან იმ პოლიტიკის გატარება არ შეიძლება, რასაც ვატარებთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკას შედეგი არ აქვს.

თქვენ მოისმინეთ რუსული საექსპერტო წრეების წარმომადგენლების ხედვები და სურვილები, ჩვენ კი ჩვენი რეალობა გვაქვს: უკანასკნელმა მოვლენებმაც აჩვენა, რომ თავად საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა არ ეგუება რუსეთის მიერ შექმნილ რეალობას – ოკუპაციას; ქვეყანას აქვს არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა უჭერს მხარს. ასეთ ვითარებაში მათ მოვლენათა განვითარება როგორ წარმოუდგენიათ?   

ვფიქრობ, თავადაც ძიების პროცესში არიან: ხედავენ, რომ რუსეთის მიერ შერჩეული მოდელი და ნარატივები არ იძლევიან მათთვის სასურველ შედეგებს. პირველ ეტაპზე მათ ის მაინც უნდათ, რომ საკანონმდებლო ორგანოს დაახლოებით 1/5 იყოს ე.წ. ევროსკეპტიკური ჯგუფებით დაკომპლექტებული და ეს იქნება მათი პოლიტიკის წარმატება; უნდათ, რომ საზოგადოებაში რუსეთის ფედერაციის მიმართ მეტი მხარდაჭერა იყოს. კვლევების მიხედვით კი დაახლოებით 80% ევროინტეგრაციის მომხრეა. ალბათ ერთ–ერთი მომენტი და ახსნაც იმისა, თუ რატომ დაიწყეს ბოლო პერიოდში შეხვედრები მათდამი კრიტიკული დამოკიდებულების მქონე ხალხთან, სწორედ ეს არის. რუსეთში მუდმივად არის აღქმა, თითქოს აქ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. სულისკვეთებაც, როგორც უკვე ვთქვი, დაახლოებით ასეთი იყო – ჩვენ ერნი ვართ და შეუძლებელია ჩვენი დაშორიშორება, იმდენი რამ გვაქვს ისტორიულად საერთოო. რა თქმა უნდა, ეს ისტორიული საერთოობა იწყებოდა „ბედნიერი“ საბჭოთა მემკვიდრეობით. მარტში გამართულ შეხვედრაზე ასეთი მოსაზრებაც გამოითქვა, „ყველაფერი ფუჭდება იმიტომ, რომ ჩვენს უკანა ეზოში მოდიან ამერიკელები“. უკაცრავად, მაგრამ ეს ამერიკელები ციდან არავის ჩამოუყრია, ისევ და ისევ მათ უაზრო პოლიტიკას მოჰყვა აქ სხვა ძალების გააქტიურება და მეორე – უკანა ეზო არავინაა. ამდენად, იქ ასეთი აღქმებია და მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავად რუსეთიც ძიების პროცესშია.

რაც შეეხება მოვლენათა განვითარებას, უნდა ველოდოთ, რომ რაც უფრო მეტად დაუახლოვდება საქართველო დასავლეთს, მით მეტად გააქტიურდება რუსეთი და სულ მცირე, ეცდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტატუს–კვოს შენარჩუნებას. თუმცა ეს არ იქნება  უბრალოდ სტატუს–კვოს შენარჩუნება, ეს იქნება სამხედრო ყოფნის მუდმივ რეჟიმში ზრდა და პარალელურად, ზეწოლა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ოკუპაცია ეს უბრალოდ განყენებული პროცესია. ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენ გვართმევს ტერიტორიებს. წარმოიდგინეთ საქართველო, როგორც მთლიანი სხეული და მასზე კბილებით ჩაფრენილი მტაცებელი. აქ ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მოსკოვი შეეცდება, საზოგადოება იყოს კიდევ უფრო მეტად პოლარიზებული, ფრაგმენტიზებული, ერმანეთზე დაჯახებული, რათა ამ ქვეყანამ იგივე დასავლელი პარტნიორების თვალში დატოვოს არასტაბილური პოლიტიკური წარმონაქმნის შთაბეჭდილება, სადაც არ შეიძლება პოლიტიკური, ფინანსური, თუ სამხედრო ინვესტიციის განხორციელება, რომელიც არ შეიძლება იყოს, მათი უსაფრთხოების სისტემის ნაწილი. უნდათ, ჩვენ პოლიტიკურ პერიფერიაზე მოგვისროლონ. ამის გასანეიტრალებლად გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, ხოლო პოლიტიკურმა ელიტებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ნუ იქცევიან ისე, თითქოს მათ მერე სახელმწიფომ აღარ უნდა იარსებოს, რასაც სამწუხაროდ ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ.. ასეთი დამოკიდებულება ქმნის დაუცველობის განცდას. მაგალითად, დღეს რუსთაველზე აქციები ძალიან კონსტრუქციულად მიმდინარეობს, მაგრამ საზოგადოების ნაწილი მაინც არის რაღაც ფანტომები სამოქალაქო დაპირისპირებისა, რომელიც 90–იანებში გამოვიარეთ.

ამ რიტორიკას საფუძველი მმართველი გუნდის წევრების განცხადებებმაც დაუდო...

გავიხსენოთ საპრეზიდენტო არჩევნებიც: თუ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი წააგებს, დაიწყება სამოქალაქო ომიო,– რა არის ეს თუ არა წარსულის ფანტომის დაბრუნების მცდელობა, რასაც ამერიკელი მკვლევარი რიჩარდ ჯეკსონი უწოდებდა „დაუცველობის დილემას“? ეს არის ვითარება,  როდესაც ხელისუფლება სახელმწიფოსა და რეჟიმის უსაფრთხოებას შორის ტოლობის ნიშანს სვამს. ყველა ხელისუფლების პირობებში ასე ხდებოდა. სანამ ეს „დაუცველობის დილემა“ გვაქვს, სანამ ხელისუფლებას წასვლის ეშინია, მანამდე, რა თქმა უნდა, გარე ძალა ახერხებს ჩვენს დეკონსოლიდაციას და, რა თქმა უნდა, ის ახერხებს,  ჩვენგან წარმოაჩინოს ერთგვარი საერთაშორისო პოლიტიკური ტაკიმასხარა, სადაც პოლიტიკური პროცესი ნორმალურად ვერ მიდის, ხოლო თუ პოლიტიკური პროცესი ნორმალურად ვერ მიდის, ჩვენ ვექცევით იზოლაციაში. იზოლაციაში ერთხელ რომ დავრჩით, 1992 წელს მივიღეთ კაბალური ხელშეკრულება, შემდეგ აფხაზეთში ომის დასრულებისას მივიღეთ მეორე კაბალური ხელშეკრულება, ბოლოს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში თითქმის 20 წლით მივიღეთ რუსული არმია.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“