"შეიძლება, ითქვას, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი ჩაიშალა"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელის ლაშა დარსალიას განცხადებით, "შეიძლება, ითქვას, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი ჩაიშალა".

მისი თქმით, როგორც კი დადგა დევნილების დაბრუნების საკითხი, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკების მაგიდა დატოვა.

„შეიძლება, ითქვას, რომ 48-ე რაუნდი ჩაიშალა ისე, როგორც წინა რაუნდები. ტრადიციულად და სამწუხაროდ, როგორც კი დადგა საკითხი დევნილთა დაბრუნებაზე, რუსეთის დელეგაციამ მაშინვე დატოვა მოლაპარაკების მაგიდა. მიმდინარე რთულ საკითხების დაემატა მძიმე ფონი. თავიდანვე აღინიშნა ქართული დელეგაციის მხრიდან, პარტნიორებმაც ამას გაუსვეს ხაზი, რომ ისედაც რთულ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს დამატებითი გართულება ნამდვილად არ სჭირდება. ყველამ უნდა ვიმუშაოთ არსებული ვითარების დეესკალაციაზე. უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ მაქსიმალურად დაიწიოს ტემპერატურამ და დაიწიოს დაძაბულობამ ქვეყნებს შორის.

პრინციპში, ყველა რაუნდი ჩაშლილია, რაც აქამდე ჟენევაში ჩატარდა. ჩაშლაში იგულისხმება ის, რომ დევნილთა საკითხის დასმისთანავე რუსეთი გავიდა და დატოვა მოლაპარაკება. ყველა წინა რაუნდის შემთხვევაშიც ასე ხდებოდა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა. 

აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.  

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ის წარმომადგენლები და ასევე თანათავმჯდომარეები ეუთო–ს, ევროკავშირის და გაერო–ს მხრიდან. ამასთან, დისკუსიებში ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორეში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp