რატომ არ უთხოვია თბილისს “აშშ-ის ბლოკგარეშე მთავარი პარტნიორის” სტატუსი და რას მისცემდა იგი საქართველოს

ამერიკის შეერთებული შტატებში ამჟამად უკრაინისთვის “აშშ-ის ბლოკგარეშე მთავარი პარტნიორის” სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება. რატომ არ ხდება იგივე საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც უკვე მრავალი წელია, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია? რას იძლევა ეს სტატუსი და რას მისცემდა იგი საქართველოს? უთხოვია თუ არა ოფიციალურ თბილისს აშშ-ისთვის მისი მინიჭება? - ამ კითხვებს სპეცპროექტ “Пограничная ZONA”-სთან  საუბრისას  ბაიდენის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა უპასუხა. 

მისი განმარტებით, “აშშ-ის ბლოკგარეშე მთავარი პარტნიორის” სტატუსი “ის არ არის, რაც ბევრს ჰგონია”:  

“ამ სტატუსის ფლობა არ ანიჭებს ქვეყანას აშშ-ის მიერ მისი უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს; მისი მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სტატუსის მფლობელი ქვეყანა იღებს პრეფერენციებს უსაფრთხოების სფეროში ამერიკული მხარდაჭერის ხელმისაწვდომობის კუთხით. პრინციპში, სულ ესაა და რეალურად, ეს სტატუსი უფრო შთამბეჭდავად ჟღერს, ვიდრე მისი არსი.

- მაგრამ შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ, რომ მესამე ქვეყნისთვის გაცილებით უფრო რთული იქნება, დაემუქროს აშშ-ის პარტნიორს, რომელსაც ეს სტატუსი გააჩნია?

- არა მგონია. ეს სტატუსი გააჩნია აშშ-ის ზოგიერთ უახლოეს მოკავშირესაც, მაგალითად ისრაელს და ისეთ ქვეყნებსაც, როგორებიცაა პაკისტანი და არგენტინა. ანუ, არაა აუცილებელი, იგი აშშ-ის უახლოეს მოკავშირეებს ჰქონდეთ. და არა მგონია, ეს იყოს გადაწყვეტილება რუსული აგრესიისგან დაცულობის უზრუნველსაყოფად. უბრალოდ ეს სტატუსი ქვეყანას ანიჭებს პრეფერნციებს უსაფრთხოების კუთხით ამერიკული მხარდაჭერის მისაღებად და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.

- და მაინც, საქართველო რატომ არ არის დღის წესრიგში ამ კონტექსტში?

- ეს საკითხი შეიძლებოდა, საქართველოსთან მიმართებაშიც განხილულიყო. ვფიქრობ, წარსულში ეს სტატუსი ნატო-ს წევრობის ალტერნატივად აღიქმებოდა და ქვეყნები, რომელთაც ალიანსში გაწევრიანება სურდათ, ამ  სტატუსს არ ითხოვდნენ. ეს სამწუხაროა. ვფიქრობ, საქართველოს შეეძლო, მიეღო ეს სტატუსი და მოიგებდა ამით. თუმცა უნდა ღინიშნოს, რომ საქართველო ისედაც სარგებლობს პრეფერენციებით უსაფრთხოების კუთხით ამერიკული დახმარების მიღებაში. ზოგადადაც, აშშ-საქართველოს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში ძალზე მყარია – უფრო მყარი, ვიდრე ოდესმე”.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა შემთხვევაში შეწყდება პროტესტი რუსთაველზე