საქართველოს და რუსეთის საგარეო უწყებები ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის მონაწილეებმა საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის მნიშვნელობაზე. თუმცა აღნიშნულ საკითხზე დისკუსიისას მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ჰუმანიტარული თემის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2-3 ივლისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესებასა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე.

„ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებულ მწვავე სიტუაციაში მოხდეს ვითარების დეესკალაცია.

მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რაც წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების შედეგს.

ქართველმა მონაწილეებმა დასვეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურების საკითხი. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. თანათავმჯდომარეებმათანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნის მიზნით.

„მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების, თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის საკითხები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.

განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია, მათი მძიმე ჰუმანიტარული და სოციო-ეკონომიკური საცხოვრებელი პირობები. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დასვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საჭიროება.

განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალებაზე და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვეს საქმის მასალების დაუყოვნებლივ გაზიარება”, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, მოლაპარაკებებზე არაერთხელ გაესვა ხაზი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (იპრმ), ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, აღდგენის აუცილებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების ფონზე.

„მოლაპარაკებებზე საქართველოს წარმომადგენლებმა დასვეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობის საკითხი, იმ ფონზე როცა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიზნით.

მონაწილეებმა საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის მნიშვნელობაზე. თუმცა აღნიშნულ საკითხზე დისკუსიისას მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ჰუმანიტარული თემის მიმართ“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო უწყებამამაც. როგორც ლავოვის უწყების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას „საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდს ჩრდილი მიაყენა 20 და 21 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა“.

„რუსეთმა მომხდარის შესაბამისი შეფასებები გააკეთა და ადეკვატური რეაქცია გამოავლინა. მოვუწოდეთ არ შექმნან დამატებითი პრობლემები ჟენევის ველზე, რათა მოგვეცეს საშუალება გაგრძელდეს რთული, მაგრამ განსაკუთრებით მოთხოვნადი მოლაპარაკების პროცესი. აქცენტი გაკეთდა ჟენევის ფორმატის მიმართ ფაქიზ დამოკიდებულებაზე, რომლის დამსახურებითაც მოხერხდა 10-წლიანი მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესის უზრუნველყოფა და აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრებზე შედარებით სტაბილურობის შენარჩუნება. ასეთ მიდგომას მოლაპარაკების მონაწილე ყველა მხარემ დაუჭირა მხარი“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

აქვე ხაზგასმულია, რომ „მოლაპარაკების დროს მოახდინეს კონსტატაცია, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღებაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში არ არსებობს“.

„რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა გამოთქვეს მზადყოფნა, შესაბამისი დოკუმენტის მიღება კვლავ მოითხოვონ, რასაც სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობის დამყარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავება, თბილისის არამეგობრული რიტორიკის ფონზე მოსკოვში, ცხინვალსა და სოხუმში, რეგიონული უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხედ მიიჩნევენ“.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „დისკუსიებზე განხილული იყო აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრებზე არსებული მდგომარეობა“.

„აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრებზე არსებული სიტუაცია, მოლაპარაკების მონაწილე ყველა მხარის მიერ, გარდა ქართულისა, შეფასდა როგორც სტაბილური და მართვადი. აფხაზურმა მხარემ მიაწოდა ინფორაცია საქართველოსთან საზღვრის კვეთაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვების მიზეზების შესახებ და ამასთანავე, წარმოადგინა მონაცემები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან ათი წლისთავზე კრიმინალური შემთხვევების რიცხვის მნიშვნელოვან კლებაზე: ბოლო ათწლეულში 2008 – 2018 წლებში 1998-2008 წელთან შედარებით, ეს რიცხვი 243-დან 11-მდე შემცირდა”. – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 8-9 ოქტომბერს.

ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა