შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერეს. 

არსებული ინფორმაციით, უფლებამოსილების შეჩერება 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით მოხდა.

შსს–ში აცხადებენ, რომ ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება დროებით, გამოძიების დასრულებამდე აქვს შეჩერებული.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა