თანათავმჯდომარეები ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

თანათავმჯდომარეები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48- ე რაუნდზე განცხადებას ავრცელებენ. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ამ რაუნდის ჩაშლის გამო და მონაწილეებს დღის წესრიგში შეტანილი ყველა საკითხის მიმართ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ.

თანათავმჯდომარეები მწუხარებას გამოთქვამენ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე 27 ივნისს შემზღუდვის ზომების დაწესებაზე და მის დაუყოვნებლივ მოხნას მოითხოვენ.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ ზომებმა ნეგატიურად იმოქმედა თავისუფლად გადაადგილებაზე, განსაკუთრებით კი მათზე, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება და ასევე გამოცდებზე მიმავალ აბიტურიენტებზე.

საკითხების არსებითი განხილვა მოლაპარაკების მონაწილეთა ნაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო ვერ მოხერხდა. თანათავჯდომარეების მოწოდებად რჩება გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების აღდგენა. მომდევნო რაუნდი 8-9 ოქტომბერს გაიმართება.

ჟენევაში მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2 ივლისს დაიწყო და 3 ივლისს დასრულდა.  განცხადებები გაავრცელეს საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებებმა. 

ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp