ცქიტიშვილი: "გახარიას პასუხისმგებლობა ახლა იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თანამდებობაზე"

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არანაირი სახით არ დგას და მისი პოლიტიკიკური პასუხისმგებლობა ახლა იმაში გამოიხატება, რომ ის თავის თანამდებობაზე რჩება:

“მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არანაირი სახით არ დგას. მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თავის თანამდებობაზე, ახორციელებს ყველა იმ ქმედებას, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ შსს-ს სისტემა მუშაობდეს სრულიად გამართულად.

რაც შეეხება, ზოგადად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როგორც მინისტრის პასუხისმგებლობას, პირადად მისი პოზიციაც იყო, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხიც ასევე განისაზღვრება გამოძიების შედეგების შესაბამისად“.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"უნდა დავაფასოთ პიროვნება, ხელი შევუწყოთ და თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას"