“ყველგან, სადაც ჩვენმა სახელმწიფომ ცხვირი შეყო….” - რას ფიქრობენ კრემლის პოლიტიკაზე რიგითი რუსები

რუსეთის თავისუფალი მედია საქართველოს მხარდაჭერასა და  თბილისის მიმართ კრემლის სანქციების გმობას განაგრძობს. ინტერნეტ-სივრცეში დღესაც არაერთი სტატია, ვიდეორეპორტაჟი, ბლოგი თუ “პოსტი” გამოქვეყნდა.

ამჯერად რუს ბლოგერ ნატალია მირონოვას პოსტის ქართულ თარგმანს გთავაზობთ: 

ყმებს უბრძანეს: ისხედით სახლში!

როცა უნივერსიტეტს ვამთავრებდი, რუსეთში ქართული და მოლდოვური ღვინო აკრძალეს. ტიუმენში მაღაზიების თაროებიდან თითქმის მთელი ალკოჰოლური პროდუქცია გაქრა, რადგან სხვა ღვინოები ერთბაშად ისე გააძვირეს, მყიდველი აღარავინ იყო და მაღაზიების მეპატრონეები იძულებულები გახდნენ, მათ შეტანაზე უარი ეთქვათ. მახსოვს, ქალაქის მეორე ბოლოში დავდიოდით თანაკურსელები მეტ-ნაკლებად მისაღებ ფასად ჩილეს წარმოების ნახევრადტკბილი ღვინის შესაძენად. მაშინვე გაქრა “ბორჯომიც”.

რა აკრძალვები აღარ გვინახავს რუსეთში: გვიკრძალავდნენ ფრენას ეგვიპტესა და თურქეთში; აკრძალეს ფილმები «Брат», «Интервью» და «Смерть Сталина»; გვიკრძალავდნენ თურქულ პომიდორს, პოლონურ ვაშლს, ესპანურ "ხამონს", ფინურ კარაქს... თითქმის 35  წლის ვარ, მათგან დაახლოებით 15 სახელმწიფო ჩემს მიმართ ისეთ დამოკიდებულებას იჩენს, როგორიც უგუნური ბავშვის მიმართ შეიძლება, გქონდეს, რომელიც დამოუკიდებლად ვერ წყვეტს, რა იქნება მისთვის კარგი, რა – ცუდი. ჩვენი სახელმწიფო თვლის, რომ თვითონ ვერ გავერკვევი, სად შეიძლება, მელოდოს საფრთხე, სად -  არა, სად ვიპოვი გემრიელ სასარგებლო კერძებს და გავერთობი, სად წავიდე, რას ვუყურო, რა წავიკითხო და ა.შ.

იცით, რატომ იქცევა ასე? იმიტომ, რომ თავის საკუთრებად მთვლის. ჩვენთან - თანამედროვე რუსეთში სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობა იდეალურად ჯდება ფორმულაში «ბატონი-ყმა»...

ბატონი ზრუნავს ყმებზე, რადგან ისინი მას პურს აძლევენ. ბატონს სურს, დამჯერე ყმები ჰყავდეს, რომლებიც მას შემოსავალს მოუტანენ. მე ვარ რესურსი. თუ თურქების “დატუქსვაა” საჭირო. თურქულ პომიდორს ამიკრძალავენ, თუ პოლონელებისა მათი დაუსრულებელი კატინის თემით – პოლონურ ვაშლს, თუ ეგვიპტელების – ეგვიპტეში ფრენას... ჩვენმა სახელმწიფომ მოქალაქეები ცალ მუშტში მოგვაქცია და გვაქნევს, საითაც გაუხარდება: ხან ვის ჩაარტყამს ამ მუშტს, ხან - ვის. შესაძლოა, ვინმე არც ღვინოს სვამდეს, არც ეგვიპტეში აპირებდეს წასვლას, მაგრამ არასასიამოვნოა, როცა ჩვენი გეგმებით, ჩვენი სურვილებითა და საფულით სახელმწიფო თავის ინტერესებში თამაშობს. მე რა, მისთვის მკვებავი სუბსტრატი ვარ? მაშინ ჩაწერონ ეს პირდაპირ კონსტიტუციაში!

ახლა საქართველოში აგვიკრძალეს ფრენა. რატომ? უსაფრთხოება? კარგით რა, რა უსაფრთხოება? მათ სურთ, ქართველები ჩვენი – რუსეთის დუდუკის ხმაზე დაადუმონ და პლაკატების წერა შეაწყვეტინონ. თუ არადა შევწყვეტთ ჩვენი ფულის საქართველოში ხარჯვას... მაგრამ ერთი წუთი: სიცოცხლე ხომ ჩვენია, ფულიც ჩვენია, ხოლო როგორ გამოვიყენოთ – ამას სახელმწიფო გადაგვიწყვეტს?!

რამდენიმე ჩემი ნაცნობი და უამრავი ფეისბუქ-“ფრენდი” უახლოეს ხანებში აპირებდა საქართველოში გამგზავრებას. ახლა სიჩქარეში ეძებენ, სად ჩააბარონ ბილეთები…. თავადაც რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი: ორჯერ მომიწია საქართველოსკენ ბილეთების ჩაბარება, - მარტში და ივნისის დასაწყისში. ორი წელია, ჩასვლა მინდა, მაგრამ მუდმივად ჩნდებოდა სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორები. ბოლოს, ივნისის დასაწყისში, როცა ბილეთები დავაბრუნე, მტკიცედ გადავწყვიტე, სექტემბრის დასაწყისში აუცილებლად წავსულიყავი საქართველოსა და სომხეთში. უკვე შვილსაც გავუმხილე და დავპირდი. ისე გაუხარდა, ეზოში მოთამაშე მეგობრებსაც შეატყობინა ფანჯრიდან, “აი, ივლისი გაივლის, აგვისტოც და მალე საქართველოში მივდივარო”... 

ახლა რა ვუთხრა? წარმოიდგინეთ, რა საცობები იქნება ფრენების აკრძალვის შემდეგ ლარსზე… გავრისკო და ბავშვთან ერთად ეტლითა და ბარგით სექტემბერში მაინც დავიძრათ? ეჭვი მეპარება...

და ეს ყველაფერი - რატომ? - იმიტომ, რომ ჩემმა სახელმწიფომ ჩემი და ჩემი შვილის, მილიონი ჩემნაირი მოქალაქის გეგმებისა და ფულის ხარჯზე სხვა სახელმწიფოს დასჯა გადაწყვიტა?! 

უსინდისოდ გვეუბნებიან: თუ ძალიან გინდათ, მინსკის გავლით წადითო… და რატომ უნდა ვიხდიდე ზედმეტს, თან დისკომფორტში? ყველას ხომ მშვენივრად გვესმის, რომ რუსების უმრავლესობას ამის ფული არ აქვს და არც მინსკშია ავიაგადაზიდვების იმგვარი სიმძლავრე, რომ სეზონზე საქართველოში მილიონზე მეტი რუსი ჩაიყვანონ... ან იმას რომ გვიმტკიცებთ, საქართველოში საფრთხე გელითო, მინსკის გავლით  თუ ჩავალთ, საფრთხე მოგვეხსნება?! ალტერნატიულ მარშრუტებს მაინც ნუღარ გვთავაზობთ, თორემ ნამეტანი აშკარა ხდება, რომ მუშტად გვიყენებთ საქართველოს დასასჯელად!.

და ვინც უკვე საქართველოშია? - ისინიც არათანაბარუფლებიან კატეგორიებად დაყვეს: იმ “ყმებს”, რომლებიც ქვეყანაში ორგანიზებული ტურებით ჩავიდნენ, ჩვენი ბატონი-“როსტურიზმი” იძულებით აქუჩებს ლეკვებივით და აბუნძულებს საქართველოდან, ხოლო მათ, ვინც თვითორგანიზებით ჩავიდა და არა ტურით,  შეუძლიათ, მშვიდად დაასრულონ შვებულება და როცა თავად მოუნდებათ, მაშინ წამოვიდნენ...

და საერთოდ, რა დღეში ვართ! გავხსენი რუქა და თმა ყალყზე დამიდგა, როცა გავაცნობიერე, რამდენად დისკომფორტული გახდა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მოგზაურობა. სოჭიდან ბათუმში ნაპირით ვეღარ ჩადიხარ; ვლადიკავკაზიდან ქობულეთში ოიძულებული ხარ, თბილისის გავლით იარო; საქართველოსკენ მატარებლები გაგვიუქმეს; ჩეჩნეთიდან ან დაღესტნიდან გადასასვლელები აღარ არსებობს, გროზნოს გავლით ზღვაზე წასვლაც საეჭვო სიამოვნებაა. კიევში ასე მარტივად ვეღარ ჩახვალ, ირგვლივ სულ რესტრიქციებია. მანქანით დონბასს უნდა შემოუარო. თუ შენგენთან პრობლემები არ გსურს, ყირიმში რუსეთიდან ნუ ჩახვალ, უკრაინის მხრიდან კი რუსეთის მოქალაქისთვის იქ შესვლა გამორიცხულია. კიშინიოვში თუ გინდა, დნესტრისპირეთს უნდა შემოუარო... შუა აზიაშიც სიამოვნებით ვიმოგზაურებდი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ. კასპიით ყაზახეთში გადავიდოდი, იქიდან ბუხარაში, სამარყანდში, დუშანბეში... მაგრამ სომხეთიდან აზერბაიჯანში ვეღარ გადადიხარ, უნდა შემოუარო...

პოსტსაბჭოთა სივრცის რიგითი მოქალაქისთვის ცხოვრება ძალიან გართულდა. სანამ ევროპაში საზღვრებს შლიან, პოსტსაბჭოეთში გამალებულები ხატავენ ახალ-ახალს. და ამისგან მათი “მხატვრები” კი არ ზარალდებიან, რომელთათვისაც არაფერი იცვლება – კვლავაც დადიან თავისი დიპლომატიური პასპორტებით, არამედ ჩვენ – უდანაშაულო ადამიანები… ეს ხომ აღმაშფოთებელია! და ორმაგად აღმაშფოთებელი იმის გამო, რომ ამ ყველაფრის მიზეზი შემთხვევების უმრავლესობაში ერთია: რუსეთმა ისევ სადღაც შეყო ცხვირი, ისევ გაიფუჭა ვიღაცასთან ურთიერთობა.… არ შეიძლება, ერთი წელი მაინც ამოგვასუნთქონ ჩვენი სახელმწიფოს ამ “ბრძნული” საგარეო პოლიტიკის ბონუსებისა და ჩვენი საფულეების პატერნალისტური გამოყენების გარეშე? გვაცალონ, ჩვენით გადავწყვიტოთ, ჩვენივე ფულით რომელ ზღვაში ვიცუროთ… 

და ამაზე დღეს რუსეთში არა მხოლოდ თავისუფლებისკენ მომძლავრებული სწრაფვისა და მომეტებული ღირსების გრძნობის მქონე მოქალაქეები საუბრობენ. «ოდნოკლასნიკებში» ქალთა სხვადასხვა კულინარიული ფორუმებიც კი გუგუნებენ!

მე სოფელში ვცხოვრობ, ნამდვილ სოფელში. ჩვენს გვერდით დაბაა. იქაც აღშფოთებულები არიან ფრენების აკრძალვით. და ეს არა ვიღაც პროდასავლელი  ლიბერალებია, არამედ რიგითი მშრომელი რუსი გლეხები! ეგვიპტე მათთვის მეტისმეტად ძვირია, ყირიმში არავის უნდა, სოჭში უკვე იყვნენ...

ხალხი საქართველოსკენ ახალგაზრდობის მოგონებებით ისწრაფვის ბათუმის პალმების ჩრდილის, თბილისის ძველი ვიწრო ქუჩების, “ლაღიძის წლებსა” და სამწვადეებში “ქინძმარაულის” ჭიქით ხელში გატარებული დაუვიწყარი საათების შესახებ... აგროვებდნენ ფულს, იყიდეს საცურაო კოსტუმები, გასაბერი ლეიბები, კახეთის გზამკვლევი… და აი, სახელმწიფომ უბრძანათ, “ყმებო, სახლში ისხედით, არსადაც არ წახვალთო”….

ეს ხომ წარმოუდგენელია! ცხოვრების დონე რუსეთში ელვისებური სისწრაფით ეცემა. მოქალაქეთა უდიდესი ნაწილისთვის ეს ბოლო ზაფხულია, როცა ისინი შვებულების ზღვაზე გატარების ხარჯების გაწევას შეძლებენ, წინ კი გადარჩენისთვის ბრძოლისა და სიღატაკის წლები გველის. მომდევნო მძიმე წლებში ამ ზაფხულს თბილისის ქუჩებში ხეტიალის, ბათუმში ზღვაზე გატარებული დაუვიწყარი დღეების შესახებ მოგონებებით მაინც იცხოვრებდნენ... მაგრამ ახლა ეს მოგონებებიც წაართვეს! წინ მხოლოდ სტაგნაციაა, უიმედობა და მწარე სიმართლე – რომ სახელმწიფოსთვის ისინი მხოლოდ და მხოლოდ მკვებავი სუბსტრატია და სხვა არაფერი. მოინდონებს სახელმწიფო? - გაუშვებს საქართველოში, მოინდომებს? - გამოაბუნძულებს. ცოტაც ვაცადოთ და იმასაც დაგვავალდებულებს, რომელიმე ტურისტულ ბანკში კრედიტი ავიღოთ ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში სავალდებულო მოგზაურობისთვის და სანამ იქიდან ცნობას არ ჩამოვიტანთ მაგალითად, სუდაკში ერთ პერსონაზე 50 000 რუბლის დახარჯვის შესახებ, ჩვენს შვილებს სკოლაში არ მიიღებენ....

წარმოგიდგენიათ, როგორ დაგვღალა ყველანი ჩვენმა სახელმწიფომ, რომ თავზე “ქიმიის” მქონე წინსაფრიანი დიასახლისებიც კი “ოდნოებში” ასე ხუმრობენ?

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp