ახალგორელი აქტივისტი სტრასბურგში დავას გეგმავს

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რუსეთის წინააღმდეგ დავას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს. მეარაყიშვილი ფიქრობს, რომ ეს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთადერთი გზაა.

უკვე ორი წელია, რაც მის წინააღმდეგ დე ფაქტო მთავრობის პროკურაში საქმეა აღძრული და მეარაყიშვილი იძულებით შინაპატიმრობაში იმყოფება.

4 ივლისს, სასამართლოში მორიგი ვიზიტის წინ, მეარაყიშვილმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა:

"მე შედარებით კარგ მდგომარეობაში ვარ იმ საერთო მდგომარეობის ფონზე, რაც ჩვენსკენაა. ადამიანებს მოუწიათ ფეისბუქის გაუქმება მუქარის გამო, სამსახურებიდან ათავისუფლებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და ეს ყველაფერი იმ აქტივობის გამო, რაც სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. ცხინვალში ადამიანები მგულშემატკივრობენ და ელიან ამ პროცესის დასრულებას. მათთვის ეს ბრძოლა შეიძლება მოტივაციაც გახდეს“.

მეარაყიშვილის თქმით, ევროსასამართლოსათვის მიმართვით პრეცედენტის შექმნა სურს:

"სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის მიზანია ისიც, რომ მეტად ვიყო დაცული, რადგან ამ ორი წლის განმავლობაში ჩემი უფლებები აქ ყოველდღიურად ირღვევა. და ვფიქრობ, საქმის დასრულების შემდეგაც ჩემი დევნა არ დასრულდება. პასუხი უნდა აგოს ყველამ იმისთვის, რისი გადატანაც მე და ჩემს ოჯახს ამ ორი წლის განმავლობაში გვიწევს", - უთხრა თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ახალგორის პროკურატურამ 2017 წელს აგვისტოში თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ერთდროულად სამი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სამოქალაქო აქტივისტს ბრალი დასდეს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებაში, ყალბი დოკუმენტის გამოყენებასა და ცილისწამებაში პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ. სწორედ ამის შემდეგ აეკრძალა მას ოკუპირებული რეგიონის დატოვება.

ამ ხნის განმავლობაში თამარ მეარაყიშვილი სულ ცოტა 25-ჯერ იყო დაბარებული ადვოკატთან ერთად სასამართლოში და 15-ჯერ პროკურატურაში. მისთვის დამატებითი პრობლემაა ისიც, რომ ადვოკატის მომსახურების თანხის გადახდა ყოველჯერზე უფრო რთულია.

თამარ მეარაყიშვილი წარდგენილ ბრალდებებში თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp