ევროპაში ხარისხიან ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ბუმია და ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება

რუსეთის უმსხვილესი რითეილერი X5 Retail Group და კომპანიათა ჯგუფი «Абрау-Дюрсо» ("აბრაუ-დიურსო"), რომელიც რუსეთის ფედერაციის ბიზნეს-ომბუდსმენ ბორის ტიტოვის ოჯახს ეკუთვნის, ღვინის ბრენდ «Русская лоза»-ს ("რუსული ვაზი") ერთობლივ განვითარებას იწყებენ.  რუსული მედიის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით სეგმენტში 1 ბოთლში/300 რუბლამდე (დაახლოებით 12 ლარამდე) ღირებულების 6 დასახელებაა წარმოდგენილი, პერსპექტივაში კი შესაძლოა, ბრენდმა უფრო ძვირადღირებული პროდუქტიც გამოუშვას.


ამას - ისე, მორიგ მოსალოდნელ რუსულ ემბარგოსთან დაკავშირებით გატყობინებთ, მის შესაძლო რეალურ მიზეზებზე დასაფიქრებლად....

ახლა კი - მთავარი ამბავი: იმ ფონზე, როცა უმთავრესად რუსულ ბაზარზე  ორიენტირებული ქართველი მეღვინეები მოსკოვის მხრიდან შესაძლო მორიგი ემბარგოს შიშით პანიკაში არიან, ევროპულ ბაზარზე ხარისხიან ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ნახტომისებურად გაიზარდა და როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ზრდის ტენდენცია გრძელდება.

გერმანიისა და ავსტრიის ღვინის მაღაზიები დღესაც ვაჭრობენ ზოგიერთი იმ კომპანიის პროდუქციით, რომელიც რუსული “როსპოტრებნადზორის” “შავ სიაში” ფიგურირებს, თუმცა ძირითად ფსონს ყველაზე კონკურენტუნარიან ქართულ ბრენდებზე დებენ, - იუწყება გერმანული გამოცემა DW.

“როსპოტრებნადზორი” ირწმუნება, რომ რუსეთში მიწოდებული ქართული ღვინის ხარისხი გაფუჭდა. თუმცა ჩვენს მიერ გერმანიასა და ავსტრიაში გამოკითხული მოვაჭრეები მსგავს ტენდენციას ვერ ამჩნევენ. შესაძლოა, იმიტომ, რომ საქართველოში ევროკავშირის ბაზრისთვის ყველაზე კონკურენტუნარიან პროდუქციას ყიდულობენ. მასზე ევროპაში მოთხოვნა საგრძნობლადაა გაზრდილი და ზრდას განაგრძობს” - წერს გერმანული გამოცემა.

"ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს. არც ჩვენს სახელისუფლებო მაკონტროლებელ ორგანოებს გამოუთქვამთ რაიმე პრეტენზია. ღვინით მოვაჭრეები დარწმუნებულები ვართ ჩვენი ასორტიმენტის ხარისხში”, - ამბობს ქართული ალკოჰოლური პროდუქციით მოვაჭრე ინტერნეტ-მაღაზია GeoVino-ს თანამფლობელი, ჰამბურგელი ანდრე ჰაინი.

“საბაჟო ლაბორატორიულად ამოწმებს ჩვენს მიერ საქართველოში შესყიდული ღვინის თითოეუო პარტიას და არაერთგზის აღუნიშნავს ჩვენთან უკვე 5 წლის განმავლობაში მოთანამშრომლე მომწოდებლის პროდუქციის სტაბილურად მაღალი ხარისხი” - ყვება იმპორტიორი კომპანია Georgische Spezialitäten-ის მფლობელი ოდერის ფრანკფურტიდან ლიუბენ ლინგოროვი, 

"ჩვენს ასორტიმენტში არსებული ქართული ღვინის მიმართ პრეტენზიები არასდროს გამოთქმულა", - ამბობს ინტერნეტ-მაღაზია Georgische Traditionsweine-ის მეპატრონე ოქსანა შპაკი ვენიდან.

"საქართველოში არსებობს უმაღლესი ხარისხის ღვინოც, კარგი ხარისხისაც და ისეთიც, რომლის ცალკეული მწარმოებლების მიმართ შესაძლოა, გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს. რაც შეეხება “როსპოტრებნადზორის” განცხადებას, ეს წმინდა წყლის პოლიტიკაა და ყველაფერი შავით თეთრზეა ნაკერი", - განმარტავს ონლაინ-მაღაზია Tsinapari-ს მფლობელი, ბერლინელი ალექსეი შრაინერი, რომელიც უკვე 16 წელია, ქართული ალკოჰოლური პროდუქციით ვაჭრობს.

რას უკავშირდება ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდ

DW-ს რესპონდენტები “როსპოტრებნადზორისგან” სრულიად განსხვავებულ დინამიკას აღნიშნავენ – ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნის კოლოსალურ ზრდას. 

"ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მხრივ ფაქტობრივად ბუმის მომსწრენი ვართ და ამის ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობ, საქართველოსკენ ტურისტული ნაკადის ზრდაა: ევროპელები ჩადიან ქვეყანაში, მოგზაურობენ, აგემოვნებენ იქაურ ღვინოს და ხვდებიან, რომ ის სრულიად განსაკუთრებულია, მერე კი დაბრუნებულებს სურთ, ქართული ღვინო სამშობლოშიც მუდმივად ჰქონდეთ", - განმარტავს ალექსეი შრაინერი.

ლიუბენ ლინგოროვი 2018-ში მისი მაღაზიის გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას იმითაც ხსნის, რომ გასულ წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იყო: “ამან გერმანულ საზოგადოებაში ყველაფერ ქართულის, მათ შორის სამზარეულოსა და ღვინის მიმართ ინტერესი გააათმაგა”.

გაყიდვების ზრდაზე მიუთითებს ანდრე ჰაინიც, რომლის მაღაზია “GeoVino” შეკვეთებს არა მარტო გერმანიიდან, ბენილუქსის ქვეყნებიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდანაც იღებს: “ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდება ქართული ღვინის უნიკალური ისტორია და ცოდნა იმისა, რომ ყურძნის სრულიად განსაკუთრებული ჯიშები მხოლოდ ამ ქვეყანაში ხარობს".

ღვინის ქარხნები “როსპოტრებნადზორის” “შავი სიიდან”

ოქსანა შპაკმა ვენაში მაღაზია სამი წლის წინ გახსნა, შეკვეთებს ავსტრიიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან იღებს. მისი ბიზნესის ჩამოყალიბება სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როცა “როსპოტრებნადზორი” ქართული ღვინის ხარისხის დაცემაზე აკეთებდა განცხადებებს და ამ კონტექსტში პრეტენზიებს 7 სხვა მწარმოებელთან ერთად, კომპანია  "Bolero and Company"-ს მიმართაც გამოთქვამდა.

ოქსანა შპაკს Bolero-ს პროდუქციასთანაც ჰქონია საქმე. "ერთხელ შევიძინეთ, ცუდი არ იყო, მაგრამ შემდგომში აღარ აგვიღია: ავსტრიაში ხომ ძალიან კარგი საკუთარი ღვინოა და აქაურ ბაზარზე ფეხის მოსაკიდებლად მხოლოდ უმაღლესი ხარისხია საჭირო. ახლა უფრო კონკურენტუნარიან ბრენდებთან ვმუშაობ, ისეთებთან, როგორებიცაა Marani, Schuchmann და Vinoterra”. 

ორი უკანასკნელი გერმანელ ტოპ-მენეჯერ ბურქჰარდ შუხმანს  ეკუთვნის, რომელმაც პენსიაზე გასვლის შემდეგ, 2006 წელს საქართველოში გადაინაცვლა და მეღვინეობას მიჰყო ხელი. სადღეისოდ იგი ევროპაში ქართულილ ღვინის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია. 

როგორც ოქსანა შპაკი ამბობს, შუხმანის პროდუქციას ძირითადად ძირძველი ავსტრიელები ყიდულობენ, მაშინ, როცა ყოფილი სსრკ-დან ემიგრანტები უმთავრესად Marani-ს პროდუქციას ანიჭებენ აპირატესობას.

ევროპელი იმპორტიორები რჩეულ ბრენდებზე კონცენტრირდებიან

კიდევ ერთი კომპანია “როსპოტრებნადზორის” “შავი სიიდან” "ბაგრატიონი-1882"-ია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი პროდუქცია ჰამბურგის მაღაზია “GeoVino”-ში იყო წარმოდგენილი, თუმცა როგორც ანდრე ჰაინი ყვება, ქართული შუშხუნა ღვინისთვის ბაზარი მეტისმეტად ვიწროა და ბევრად უფრო პერსპექტიული შავი და თეთრი ღვინოა. ბერლინის მაღაზია “Tsinapari”-ს ვებ-გვერდზე ამჟამად “ბაგრატიონი 1882”-ის მარკის შუშხუნა ღვინის სამი სახეობაა განთავსებული.

თუმცა მთავარი ასორტიმენტში Kindzmarauli-ს ღვინის ქარხნის პროდუქციაა. "ადრე მწარმოებლების უფრო ფართო არჩევანი გვქონდა, შემდეგ შევამცირეთ და დავიტოვეთ ისინი, ვინც ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობას გვთავაზობდა", - განმარტავს ალექსეი შრაინერი.

ამავე გზით წავიდა ლიუბენ ლინგოროვი, რომელმაც 2012 წელს ოდერის ფრანკფურტში საკუთარი ინტერნეტ-მაღაზია დააარსა. ორ წელიწადში, საქართველოში ვიზიტის დროს იგი მეღვინეობა Kakxuri-ს ესტუმრა და მას შემდეგ უმთავრესად სწორედ მისი პროდუქციით ვაჭრობს, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთშიც იმპორტირდება. 

"სადღეისოდ Kakhuri-ს ღვინის ათ სახეობას ვყიდი, სულ კი ასორტიმენტში 20-25 სახეობა მაქვს, - მეტი, ჩემი გათვლით, უკვე არაა მიზანშეწონილი", - ამბობს DW-ს რესპონდენტი.      

მის მაღაზიაში რუსეთის “შავ სიაში” შეტანილი Schuchmann-ის პროდუქციაც იყიდება, არის Badagoni-ს ღვინის სამი სახეობაც. ლიუბენ ლინგოროვი დარწმუნებულია, რომ ეს ღვინოები რომ ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმებს არ შეესაბამებოდეს, მას გერმანულ ბაზარზე უბრალოდ არ შეუშვებდნენ.       

ამ თვალსაზრისით, როგორც DW-ს რესპონდენტი აღნიშნავს, რუსეთის მიერ 2006 წელს ქართული ღვინის იმპორტზე შემოღებულმა ემბარგომ საქართველოს მხოლოდ სარგებელი მოუტანა: მან აიძულა მწარმოებლები, ეძებნათ გასაღების სხვა ბაზრები და ევროპაზე გადაორიენტირებულიყვნენ, რამაც ქართული ღვინის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp