"არსებული მტკიცებულებებით სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი ზედმეტია"

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 20 ივნისის ღამის საქმეზე გამოძიების მუხლი გადაკვალიფიცირდა და საქმე ამბოხისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით აღიძრა. 

მშვენიერაძის შეფასებით, თუ საჯარო მტკიცებულებებით ვიმსჯელებთ, მუხლის გადაკვალიფიცირებასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბარი ზედმეტია. 

მისივე თქმით, პროკურატურა არ ჩქარობს გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები. სამაგიეროდ, ისინი ინტენსიურად მუშაობენ, რათა გამოკვეთონ მომხდარზე ოპოზიციური პარტიების ლიდერთა პასუხისმგებლობა.   

"ჯერ რასაც ვხედავთ, ძირითადი აქცენტი და ყურადღება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გადატანილია არა მათ მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებზე, არამედ საეჭვო მტკიცებულებებითა და მუხლებით იმ ადამიანების გამოვლენასა და დასჯაზე, ვინც იყვნენ აქციაზე 20 ივნისის ღამეს და რომელთა ნაწილი, ბუნებრივია, არის ოპოზიციური პარტიის წევრი. ეს შერჩევითი დამოკიდებულებაა და სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ჰგავს," - აცხადებს მშვენიერაძე.

ამ დრომდე 20-21 ივნისის ღამეზე გამოძიება 33-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ  მიმდინარე გამოძიების მუხლი შეიცვლება და ის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 315-ე (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) მუხლებით გაგრძელდება. 

გავრილოვის ღამე - ასე უწოდებენ 20-21 ივნისის მოვლენებს, რომლის დროსაც საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტის წინ ოკუპაციის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები დაარბია. დარბევა ღამის 12 საათისთვის დაიყო და 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად რეზინის ტყვიები, ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დარბევის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი - 38 ჟურნალისტი, 80 პოლიციელი და აქციის მონაწილეები. რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად სამ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გახარია ფაშინიანს შეხვდა