"ნაციონალურმა მოძრაობამ" „გავრილოვის სიის" შესახებ დადგენილების პროექტი მოამზადა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ დადგენილების პროექტი მოამზადა. 

პროექტის მიხედვით, 2019 წლის 20 ივნისის მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაზე სერგეი გავრილოვისა და სხვა რუსი დეპუტატების დასწრება და სიტყვით გამოსვლა უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი.

ასევე უნდა დაევალოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა საკითხების კომიტეტს იმ რუსი პოლიტიკოსების სიის შედგენა, რომელთა ვიზიტიც საქართველოში იქნება მიუღებელი, იმის მიუხედავად, დარღვეული აქვთ თუ არა მათ კანონი ოკუპაციის შესახებ.

დადგენილების პროექტის მესამე პუნქტში ოპოზიცია მოითხოვს, დაევალოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს შეადგინოს პასუხისმგებელ პირთა სია, როგორც სერგეი გავრილოვისა და რუსი დეპუტატების ქვეყანაში მოწვევაზე, ასევე 20 ივნისის ღამეს მოქალაქეების დარბევაზე.

ასევე უნდა შედგეს იმ პირთა სია, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დაადანაშაულა - „შესაბამისად ითანამშრომლა რუსეთთან მათი მოთხოვნის შესაბამისად, დასჯილიყო საქართველოს პარლამენტიდან გავრილოვის გაგდებაზე პასუხისმგებელი დეპუტატი.“

დადგენილების პროექტში წერია, რომ აღნიშნულ სიაში შეყვანილი უნდა იყვნენ ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას.

პროექტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დეპუტატების მიმართ კონკრეტული სანქციები უნდა დაადგინოს. 

დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომაზე უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც ბიუროზე დარეგისტრირებულ პროექტს შესაბამისი კომიტეტები განიხილავენ. მხარდაჭერის შემთხვევაში კი მას კენჭს სესიაზე უყრიან. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ავარია ვაზისუბანში – არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები