უმრავლესობამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი დაარეგისტრირა

საპარლამენტო უმრავლესობამ 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ  დადგენილების პროექტი შეიმუშავა და დაარეგისტრირა.

დადგენილების პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი, ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას და მის ძირითად პრინციპებს, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, აცხადებს, რომ:

1.  საქართველოს  კონსტიტუციური  წესწყობილების  დაცვა  და  პატივისცემა საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია;

2.  ხელისუფლების  მიერ  აზრის,  მისი  მშვიდობიანი  გამოხატვისა  და  შეკრების თავისუფლების  დაცვა  დემოკრატიულ  სახელმწიფოში  არის  პრინციპულად მნიშვნელოვანი;

3.  ხელისუფლებამ 2019 წლის 20 და 21 ივნისს მაქსიმალურად უზრუნველყო აზრის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება;

4.  ცალკეული  პოლიტიკოსების  თუ  პოლიტიკური  ჯგუფების  მიერ  მოქალაქეთა მშვიდობიანი  პროტესტის  საბაბად  გამოყენება  კონსტიტუციური  წესრიგის წინააღმდეგ  მიმართული  აქტის  განსახორციელებლად,  უხეშად  ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივ, ისე, პოლიტიკის მორალურ პრინციპებს;

5.  აღნიშნული  განსაკუთრებით  შემაშფოთებელია  იმ  ფონზე,  როდესაც  მას  წინ უსწრებს  ცალკეული  პოლიტიკოსების  სისტემატური  საჯარო  მოწოდებები ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის შესახებ;

6.  საქართველოს  კონსტიტუციური  წესრიგისა  და  საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ  მიმართულ  ქმედებად  უნდა  იქნეს  განხილული  საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სახელმწიფო მმართველობის სისტემის ცენტრალური ორგანოს – საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა და ჯგუფური ძალადობის  ორგანიზება,  რომელიც  წარმოშობს  უშუალო  საშიშროებას,  როგორც სახელმწიფო  და  საზოგადოებრივი,  ისე  ცალკეული  მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის,  რაც  დადასტურდა  კიდეც  2019  წლის  20-21  ივნისს განვითარებული მოვლენებით;

7.  ნებისმიერი ქმედება,  რომელიც  მიმართულია  კონსტიტუციური  წესრიგის წინააღმდეგ და  საფრთხეს უქმნის  სახელმწიფო, საზოგადოებრივ და  მოქალაქეთა უსაფრთხოებას,  საჭიროებს  სათანადო  რეაგირებასა  და  გამოძიებას  სახელმწიფოს მხრიდან, სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად;

8.  ძალადობრივი ქმედებების და პარლამენტის შენობაში შეჭრის  მცდელობის საპასუხოდ  პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური;

9.  ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის დროს სამართალდამცავთა  მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევები აუცილებლად მოითხოვს ხელისუფლებისგან სათანადო რეაგირებას;

10. მისასალმებელია  საქართველოს სახალხო დამცველის  მონაწილეობა  მიმდინარე გამოძიების პროცესში, რაც მის გამჭვირვალობასა და  სანდოობას შეუწყობს ხელს.

დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად, კერძოდ, ყოველმხრივ, სრულად, დროულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს: საქართველოს  პარლამენტის  სასახლეში  შეჭრის  მცდელობის  ფაქტი,  მასთან დაკავშირებული ძალადობრივი ქმედებები და გამოავლინოს ორგანიზატორები და მონაწილეები; სამართალდამცავი  ორგანოების  ქმედებები,  მათ  მიერ  უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო შემთხვევები და გამოავლინოს შესაბამისი პირები.

დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი  ინტერესიდან  გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს ზემოაღნიშნული  გამოძიების დროულად დასრულებას და გამოძიების შედეგების გათვალისწინებით, 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ შეფასებას.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშნვას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით დღეს საქართველოს პარლამენტში დადგენილების პროექტი დარეგისტრირდება, რომელიც 20 ივნისს ღამეს განვითარებული მოვლენების შეფასებას და მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზალკალიანი - რასმუსენის წინადადებაზე: „ამაზე ვმუშაობთ“