ისევ ჯიპი, ოღონდ არა შავი – მთავრობა მაღალი გამავლობის 135 ავტომობილს ყიდულობს

მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 045 000 ლარია.

კერძოდ, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვალის N121 დადგენილებით განსაზღვრული მე-3 კლასის (მაღალი გამავლობა - ჯიპი) 135 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რაოდენობაც საორიენტაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს 20%-ის ოდენობით.

მთავრობის დადგენილების თანახმად, მე-3 კლასის ავტომობილები განპიროვნებულია: რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის, რომელთა საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;

სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვა­ნელი და ხელმძღვანელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამ­დე­ბობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;

სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძ­ღვა­ნელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს;

სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს დე­პარ­ტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500 საშტატო ერთე­ულს.

რაც შეეხება გამოცხადებულ ტენდერს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, შეთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.

ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. ასევე შემსყიდველის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ შესასყიდი ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა, ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ მარტის თვეში სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის 180 სატრანსპორტო საშუალებაზეც გამოაცხადა ტენდერი და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 12 195 000 ლარი იყო. ცნობისათვის, სახელმწიფო ავტომობილების ფერის საკითხი 2018 წლის თებერვალში გააქტიურდა, როდესაც მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შავი ჯიპების ეპოქა უნდა დასრულდეს და შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას ჯიპების ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლებისკენ ჯერ კიდევ ექს–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა.

„დროა, შავი ჯიპებით სიარულზე უარი ვთქვათ და გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ ავტომანქანები, პირველ რიგში, მინისტრების დონეზე, მაგრამ ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ, მათ შორის ძალოვან უწყებებსაც“, – აცხადებდა კვირიკაშვილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp