აქციების საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

ანტისაოკუპაციო აქციების "სირცხვილია" საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ:

"იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალ-მდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ. რაკი ერთისათვის ერთი კანონია და მეორესათვის მეორე, კანონი ჰკარგავს თვის უდიდეს მნიშვნელობას საყოველთაო მფარველობისას და შემწეობისას, რადგანაც თვის მადლს და თვის მსჯავრს ერთნაირად ვერ მოჰფენს ყველასა, ვინც კი მისკენ მიიმართება გაჭირების დროს" - ი. ჭავჭავაძე

და რადგან სამართალი ყველასთვის ერთი უნდა იყოს:

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამართლის და მართლმსაჯულების მის კრიტიკოსთა წინააღმდეგ შერჩევითად, რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება და შეეგუოს, რომ განსხვავებული აზრი, კრიტიკა, თუნდაც მწვავე, ხშირად მისთვის აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელიც კი, დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია; მაშინ როდესაც მომხდარზე პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირს, შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობა არ დაუტოვებია, ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს სხვების პასუხისმგებლობაზე ისაუბროს.

ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში კონსტიტუციები არა მინისტრების და შენობების, არამედ ადამიანების დასაცავადაა შექმნილი. ამიტომ, თუ ამ ქვეყანაში რამე საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს, ეს სწორედ ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე გამოცხადებული ნადირობის სეზონია.

კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის შესახებ ქართველი ხალხის მიერ საჯაროდ გაცხადებული ნება უბრალო და უმოქმედო ტექსტად რჩება, როცა ხელისუფლება ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. გავრილოვი სიმბოლოდ იქცა იმ შეფუთული პრორუსული პოლიტიკის, რომელმაც ჩვენი ღირსეული, თავისუფლების მოყვარე მოქალაქეები ქუჩაში გამოიყვანა.

სახელმწიფომ პასუხისგებაში მიეცმული ყველა პირის მიმართ გარანტირებულად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასამართლოები არ უნდა მოქმედებდნენ კონვეიერულად, საბჭოთა სასამართლოს ტრადიციათა დაცვითა და პატივისცემით, როგორც ეს ხდებოდა 21 ივნისს, დაკავებულთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმების განხილვისას;

სახელმწიფომ ყველა პირის მიმართ უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრეზუმფციის დაცვითა და პატივისცემით. ადამიანთა დაკავება და დაპატიმრება უნდა იყოს ხელისუფლების არა თვითმიზანი, რაც სადამსჯელო ელემენტებს მოიცავს, არამედ უკიდურესი აუცილებლობა, რომლის გარეშეც შეუძლებლად იქნება მიჩნეული მართლმსაჯულების განხორციელება;

ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს, 38 დაზიანებულ ჟურნალისტს, ასობით დაშავებულ მოქალაქეს, რომელთა ნაწილს მთელი ცხოვრება დაღად დარჩებათ ქართული პოლიციის იარაღებიდან ნასროლი ტყვიების კვალი და გიორგი გახარიას გადაყენებით შეეცადოს ნაწილობრივ მაინც ჩამოირეცხოს ის ლაქა, რომელიც "გავრილოვის ღამის" სახელით დარჩება საქართველოს ისტორიაში". 

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშნვას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პუტინმა ომების დროს მოსახლეობის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროტოკოლიდან გასვლის ინიცირება მოახდინა