რუსთაველზე რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების აქცია იგეგმება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების აქცია იგეგმება. აქციის ორგანიზატორი ფეისბუქ–გვერდი „სასაზღვრო ზონა“ არის, რომლის ხელმძღვანელი საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე ეგორ კუროპტევია.

„სასაზღვრო ზონას“ ცნობით, აქცია სახელწოდებით „მე არ ვარ გავრილოვი — რუსები ერთიანი საქართველოსთვის“ რუსთაველის გამზირზე 9 ივლისს 14:00 სთ–ზე გაიმართება. 

„სასაზღვრო ზონა“ საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებსა და ტურისტებს, რომლებსაც არ მოსწონთ კრემლის პოზიციონირება საქართველოსთან მიმართებით, მოუწოდებს, აქციას შეუერთდნენ. „დაიღალეთ პუტინით? გაატარეთ ზაფხული საქართველოში, რომელიც ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა“, – წერს „სასაზღვრო ზონა“ „ფეისბუქში“ პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა