ონიშჩენკო აღიარებს, რომ კრემლი "როსპოტრებნადზორს" პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ყოფილი მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო აღიარებს, რომ კრემლი "როსპოტრებნადზორს" პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. 

გარდა ამისა, ონიშჩენკო ქართველებს მისთვის ძეგლის დადგმას სთხოვს. 

„თქვენ მე საქართველოში ძეგლი უნდა დამიდგათ, რადგან მე შევინარჩუნე თქვენი მეღვინეობის ეროვნული კულტურა. რაც შეეხება, ახლანდელ სიტუაციას, ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ [რუსეთმა საქართველოდან შეტანილი ღვინის მიწოდებები] უნდა ავკრძალოთ, მაგრამ რუსეთში მივიღეთ კანონი, რომელიც არ ეხება პროდუქციის უსაფრთხოებას, არამედ თუ ჩვენ ვხედავთ არამეგობრულ ქმედებებს სხვა ქვეყნისგან, ჩვენს მთავრობას შეუძლია, ხარისხისგან დამოუკიდებლად, აკრძალოს იმპორტი", - განაცხადა ონიშჩენკომ. 

იხილეთ ასევე: „როსპოტრებნადზორი“ ქართული ღვინის ხარისხის „გაუარესებაზე“ ალაპარაკდა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, ამჟამად ეკონომისტი, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ივან სტარიკოვი თვლის. რომ კრემლი "როსპოტრებნადზორის" პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებით ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯს საბოლოოდ ძირავს: 

"მთლად სამარცხვინოდ დააგდებს ეს ისტორია [ქართული ღვინის ხარისხში მორიგი “დაეჭვება” - რედ.] “როსპოტრებნდორის” ისედაც შერყეულ იმიჯს. უკვე მერამდენედ, ყველას თვალწინ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს პოლიტიკური მიზნებისთვის, კერძოდ, სხვა ქვეყნების მიმართ შურისძიებისთვის იყენებენ. ეს მისი სახელისა და რენომეს სრულ დევალვაციას ნიშნავს. უეცარი დაეჭვება ქართული ღვინის ხარისხში ყოველივე ზემოთთქმულისა და იმის ფონზე, რომ რუსეთში რამდენიმე ასეული ტონა პალმის ზეთია შემოტანილი, დიდი პრობლემები გვაქვს რძის პროდუქტების ხარისხის კუთხით და ა.შ., - ეს ყველაფერი ქმნის საფუძველს, რუსეთის მოქალაქეებიცა და უცხოელი პარტნიორებიც  “როსპოტრებნადზორის” განცხადებებს მომავალში უბრალოდ აღარ ენდონ”.  

გარდა ამისა, მისი აზრით, კრემლის ახალი სანქციები თავად რუსეთს საქართველოზე არანაკლებად დააზარალებს:

"წმინდა  პრაგმატული თვალსაზრისითაც რომ შევაფასოთ კრემლის ახალი სანქციები, რაღა თქმა უნდა, საქართველოსკენ პირდაპირი ფრენების აკრძალვა მნიშვნელოვნად დააზარალებს ქართულ ტურისტულ ბიზნესს, არაერთ კარგ ტურისტულ კომპანიას ალბათ, გააბანკროტებს კიდეც. თუმცა ეს არანაკლებად დაარტყამს რუსულ საავიაციო თუ ტურისტულ ბიზნესსაც. აგერ, გადავხედე უკანასკნელ სტატისტიკას და ჩვენმა ტურისტულმა გადამზიდავებმა პირველი კვარტლის  შედეგებით რეკორდული ზარალი – 45 მლრდ რუბლი აჩვენეს, ხოლო საქართველოსკენ ავიაბილეთების მასობრივი დაბრუნება მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს, თანაც ძალზე მნიშვნელოვნად. იგივე ბედი ელით რუსულ ტურისტულ კომპანიებსაც, რომელთაც თანხების დაბრუნების გარდა, შესაძლოა, კლიენტებისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციების გადახდაც მოუწიოთ. ესეც რომ არა, თავად რუსეთის ხელისუფლების მიმართ ისედაც არცთუ ძლიერ სიყვარულს ეს ყველაფერი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებში კიდევ უფრო შეამცირებს, რადგან მათ უმეტესობას მშვენივრად ესმის, რომ ხელისუფლებამ დასვენება წმინდა პოლიტიკური მიზეზებით, საქართველოს დასასჯელად გაუფუჭა".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა