"თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება"

თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება, – ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ. 

"საქართველო მტერთან არასოდეს არ დაიჩოქებს და საქართველო არასდროს არ დანებდება არც უცხოელ ოკუპანტს და არც შინაურ ოკუპანტს, როგორადაც გადაგვექცა საკუთარი ხელისუფლება", – განაცხადა მშვილდაძემ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია განახლდა. მომიტინგეები შს მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, სანამ გიორგი გახარია არ გადადგება, არც ისინი დაიშლებიან.

„ვიღაც – ვიღააცეებს ჰგონიათ, რომ ორთქლს გამოვუშვებთ. მეშვიდმეტე დღეა ჩვენ აქ ვართ და რა ორთქლი?!“, – განაცხადა დიღმელაშვილმა. 

მისივე თქმით, დღეს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქართველ მინისტრებს რუსეთის პროკურატურისადმი ნდობის თვალსაზრისით განსხვავებული პოზიცია აქვთ