ბაჩანა შენგელია: „ამ მთავრობამ შეიწირა დედაჩემი და მე სიკვდილის აღარ მეშინია, მე აქ ვიდგები ბოლომდე“

ამ მთავრობამ შეიწირა დედაჩემი და მე სიკვდილის აღარ მეშინია, მე აქ ვიდგები ბოლომდე, – ასე მიმართა რუსტაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ.

„მეჩვიდმეტე დღეა, ვაპროტესტებთ იმ უსამართლობას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. საქართველოს მოქალაქეებს თვალები დათხარა  ამ მთავრობამ და მათ თვალი დაკარგეს იმისთვის, რომ ჩვენ აგვეხილოს თვალები. ჩვენც თუ დავხუჭეთ თვალები, ჩვენ ვიქნებით მოღალატეები, მგარამ მე მწამს, რომ ყველა ჩვენთაგანი იდგება აქ ბოლომდე. ვპირდები ამ მოძალადე რეჟიმს, რომ ჩვენ აუცილებლად დავსვამთ მათ განსასჯელის სკამზე და ზუსტად ია კერზაიას საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე და სხვა უამრავი საქმე იქნება ის, რითაც ამ რეჟიმს გავასამართლებთ “, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ცნობისთვის: ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2018 წლის 2 დეკემბერს ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია განახლდა. მომიტინგეები შს მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, სანამ გიორგი გახარია არ გადადგება, არც ისინი დაიშლებიან.

„ვიღაც – ვიღააცეებს ჰგონიათ, რომ ორთქლს გამოვუშვებთ. მეშვიდმეტე დღეა ჩვენ აქ ვართ და რა ორთქლი?!“, – განაცხადა დიღმელაშვილმა. 

მისივე თქმით, დღეს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp