მამა დავით ისაკაძე – „თბილისი პრაიდზე“: „დილიდან დავიკავოთ ყველა ცენტრალური მაგისტრალი“

დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებით, "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებული "ღირსების" მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია სხვადასხვა ქართული ტელეარხების მიერ ჭინკების აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით. ეს არის მორიგი დიდი პროვოკაცია მიმართული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ზნეობის, ჩვენი სარწმუნოების საწინააღმდეგოდ... პირველ რიგში, მინდა, გაუწყოთ ყველას, რომ დილით ადრიანად, დაახლოებით 6 საათიდან ყველა ცენტრალური მაგისტრალი, მისი ძირითადი ლოკაციები დავიკავოთ, მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალადობისა და ძალმომრეობის გარეშე. დავიკავოთ, რათა დავიცვათ ჩვენი ღირსება", – აცხადებს მამა დავითი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში.

მან საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდსაც მიმართა:

"ნუ შეუწყობს ასეთი მავნე პროცესების განვითარებას ხელს საქართველოში. საბედნიეროდ, საქართველო არ არის ამერიკა. ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ზნეობა და ღმერთი არ დაგვიკარგავს, ისე, როგორც სამწუხაროდ ხდება დღეს ამერიკაში და ევროპაში. ღმერთი გვასწავლის, რომ სოდომია, ეს არის უმძიმესი ცოდვა და მის ქადაგებას ჩვენ, სასულიერო პირები, ერის ადამიანები, საქართველოს ღირსეული შვილები არ დავუშვებთ". 

ამასთან, მამა დავითმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან "ღირსების" მარშის ჩატარება:

"ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს ვთხოვ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან მსგავსი პროვოკაციების გამართვა ასეთ უმძიმეს ვითარებაში, რაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, არ შეიძლება ახალი დესტაბილიზაციის კერის შექმნა". 

ცნობისთვის:  „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, თბილისში „ღირსების" მარში ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტული ადგილი და დრო ცნობილი არ არის. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სირიაში თურქული ოპერაცია 120 საათით წყდება