უგულავა თბილისში დაბრუნდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისში დაბრუნდა. გერმანიაში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ "ევროპული საქართველოს" ლიდერი კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ის მზად არის, სამართალდამცველების კითხვებს პასუხი გასცეს, თუმცა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. საქმე ეხება 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.

„ნებისმიერი სცენარისთვის ვარ მზად, რაც უფრო მეტად სიცრუის მორევში გადაეშვება ხელისუფლება, რაც უფრო გაწელავს ზამბარას, მით მტკივნეულად  მოხვდება ცხვირში. მზად ვარ დავიკითხო მაგისტრ მოსამართლესთან. მნიშვნელოვანია, რომ მივიდე და მოწმედ დავდგე, ვამხილო და სამართლებრივად დავამაგრო უბედურების ის მორევი რაც ვიხილე,“-ამბობს უგულავა.

უგულავას მსგავსად ოპოზიციის სხვა ლიდერები საგამოძიებო უწყებისთვის ჩვენების მიცემას მხოლოდ სასამართლოში დათანხმდნენ.

მოწმის სტატუსით გიორგი ბარამიძე უკვე გამოიკითხა, რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს - ის საქართველოში ჯერ არ დაბრუნებულა. 

იხილეთ ასევე: შსს უგულავას, ოქრუაშვილსა და ბარამიძესთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშნვას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ავარია ვაზისუბანში – არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები