აქციის დაშლისას დაშავებული დემონსტრანტი ექიმებს მისი დიაგნოზის გაყალბებაში ადანაშაულებს

20 ივნისის ღამეს აქციის ძალისხმიერი მეთოდით დაშლისას დაშავებული გიორგი ოლქიევი ექიმებს დაზარალებულთა მდგომარეობის სიმძიმის შემსუბუქებასა და რეალობის გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. კერძოდ, როგორც ოლქიევი ყვება, ინგოროყვას კლინიკაში მარჯვენა ხელის ტრავმით მიიყვანეს,სამედიცინო დასკვნაში კი არ არსებული დაზიანება უწერია.

ახალგაზრდა მამაკაცს ტყვია მარჯვენა ხელზე მოხვდა, თუმცა კლინიკის მიერ გაცემულ ფორმა 100-ში წერია, რომ პაციენტს ტრავმა მარცხენა ხელზე და თანაც დაცემის შედეგად აქვს მიღებული.

დეტალების გასარკვევად გიორგი ორქიევი ხვალ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

„მინდოდა ფორმა 100-ის აღება, დოკუმენტში წერია, რომ დაზიანება მივიღე მე დაცემის შემდეგ. რეალურად ტყვია მაქვს  მარჯვენა მხარში მიღებული, ამათ უწერიათ, რომ დაზიანება მაქვს მიღებული მარცხენა მხარეს. რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ გაყალბებული საბუთია. ჩემი აზრით, შს სამინისტროს მითითებით არის, რომ ყველა ადამიანს დაუწერეთ ისეთი რამე, რომ აღრიცხვაზე არ ყოფილიყვნენ საავადმყოფოში. არ უნდოდათ, რომ გამოჩენილიყო ხალხის რაოდენობა, რომ დაზარალებულია რეალურად ამ ტყვიებით და არა რეზინის ტყვიებით. მივმართავ გამოძიებას, რომ გამოიძიონ ეს საქმე,“-ამბობს გიორგი ოლქიევი.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშნვას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp