"დამშვიდდით, ბატონებო, ბუნებაში არ არსებობს ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება, მოყვეს"

დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს, - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, გაბუნიას საქციელი არ ჯდება არა თუ პროფესიული, არამედ პიროვნული ეთიკის და ღირსების ჩარჩოებში, მაგრამ, ბევრად უფრო შემაშფოთებელი სურათი აჩვენა რიგში ჩამდგარი ხელისუფლების წარმომადგენლების პანიკურმა განცხადებებმა, რომ ვინმე გაბუნიას განცხადებებმა ლამის ომის ზღვარზე დააყენა ქვეყანა.

„დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს. ომის რეალური მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ განვითარების გაცხადებული ვექტორი და არაფერი სხვა.

ნუ გექნებათ იმედი, რომ „ბაბაიას” დაძახებით დათვს ისევ მიაძინებთ, რადგან ის თქვენი შიშით იკვებება და ეს საკვები გუშინ მიეცით. ხვალ უფრო მეტს მოითხოვს.

კარგი იქნება, თუ გააცნობიერებთ, რომ თქვენი ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები კაპიტულანტურს ძალიან მიუახლოვდა, რაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში საქართველოსთან მიმართებაში.

გაბუნიას საქციელის საბაბით შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში. გადახედეთ რუსული პროპაგანდის გამოხმაურებებს და იქნებ მიხვდეთ, საით მიაქანებთ ქვეყანას.

თუ მართლა გეშინიათ, გრცხვენოდეთ. თუ თამაშობთ, გრცხვენოდეთ. თუ ვერ ხვდებით, ჩვენი სირცხვილი ხართ“, - წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. ტელეწამყავნმა მიმართვაში გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც.

გაბუნიას გინებას გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, თუმცა წამყვანის პათოსს იზიარებს:

"არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, ვიზიარებ პათოსს, ზოგადად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში, რომელიც ჩვენი აქციის წევრები ამ დღეების განმავლობაში გააკეთეს – და იმღერეს „პუტინ ხუილო“. [...] კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწისტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“.

მომხდარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა:

"ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ".

აქცია გაიმართა ტელეკომპანიის შენობასთან.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp