ვასაძემ და მისმა მხარდამჭერებმა სამი მოთხოვნა წამოაყენეს

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ვერის ბაღიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მსვლელობაში მონაწილეობენ ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და მათი მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათ აქვთ სამი მოთხოვნა, კერძოდ, საქართველოში არ ჩატარდეს „თბილისი პრაიდი“, ასევე გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შეიქმნას გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი.

ლევან ვასაძე ამბობს, რომ სწორედ ანტიდისკრიმინაციული კანონი არის იმის ძირითადი წყარო, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. მისივე მოსაზრებით, ლიბერალიზმი აღარ უნდა იყოს ქვეყნის წამყვანი იდეოლოგია.

ვასაძის ირწმუნება, რომ ლიბერალური პოლიტიკა ქვეყნის მეორე მტერია, ხოლო პირველი მტერი – რუსული ოკუპაცია.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილი პარლამენტის შენობასთან იმყოფება. როგორც სასულიერო პირებმა განაცხადეს, ისინი ადგილზე პარაკლისს გადაიხდიან, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ტერიტორია გასუფთავდეს და ის რაც პარლამენტის წინ ხდება, არ არის მისაღები. 

„ეს მარაზმი, რაც პარლამენტის წინ ხდება, უნდა დასრულდეს. ვის მოსწონს ის, რაც აქ ხდება? მოვუწოდებ კალაძეს, მოვიდეს და აალაგოს ყველაფერი, მოგვეცეს საშუალება გადავიხადოთ პარაკლისი. სახელმწიფოს მოვუწოდებთ აუკრძალოს საელჩოებს ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევა. ეს ბანერები სასწრაფოდ აიღონ. ამისთვის სხვადასხვა ადგილები არსებობს. ეს არის დადგმული სპექტაკლი „ნაციონალების“ და „ევრონაცების“ მიერ. ხალხი მათ საერთოდ არ უნდა ახსენონ“,- განაცხადა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

მათი მოთხოვნას უპასუხა პარლამენტის წინ მოშიმშილე ერთ–ერთმა დემონსტრანტმა ბექა ბასილაიამ. 

„დღეს თუ რამე ქრისტიანული ხდება ამ ქვეყანაში, მტრის წინააღმდეგ ბრძოლაა, იმიტომ, რომ რუსეთი არის მტერი და რუსეთის მიერ ხელდასმული გახარია უნდა გადადგეს. მე-14 დღეა ვშიმშილობ, თუმცა, როგორც გავიგე, ეჭვი შეაქვთ ამაში, ისე გამოიყურებაო.. სხვათა შორის, მე-20 დღემდეც თუ გავქაჩე და გამომყვა ორგანიზმი, არაფერი დამეტყობა, ძალიან მხნედ ვგრძნობ თავს, ფიზიკურად არაფერი დამეტყობა. თქვენდა გულის გასახარად ძალიან მხნედ ვგრძნობ თავს. გახარიას გადადგომამდე შიმშილობას განვაგრძობ, მთავარია, გონება არ დავკარგო“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის:"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]