"წინაპრების საფლავების გინება სცდება ცივილიზაციურ ჩარჩოებს"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, "პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგადად, ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა". ამის შესახებ დეპუტატმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

„ის, რაც გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი. ეს არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებული ტელევიზია - „რუსთავი2“-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში. ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ტელეკომპანიის დირექტორის და იმავდროულად „ნაციონალური“ მმართველობის პერიოდის პროკურორის, ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა. მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგადად, ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა.

უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც „რუსთავი2“-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას. ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი. ჩვენ ქვეყანასაც დავიცათ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვთარების პერსპექტივასაც.

დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს», - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. ტელეწამყავნმა მიმართვაში გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც.

გაბუნიას გინებას გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, თუმცა წამყვანის პათოსს იზიარებს:

"არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, ვიზიარებ პათოსს, ზოგადად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში, რომელიც ჩვენი აქციის წევრები ამ დღეების განმავლობაში გააკეთეს – და იმღერეს „პუტინ ხუილო“. [...] კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწისტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“.

მომხდარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა:

"ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ".

აქცია გაიმართა ტელეკომპანიის შენობასთან.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp