"გავრილოვის მასპინძლობაში კუდებნაღრძობი მთავრობის წევრების ამდენი შარვლებიდან ამოხტომა კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციის სიმდარეს"

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვან გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "მტრობას მეგობრობაზე მაღალი ღირსება სჭირდება, რადგან მეგობრობა თავისი არსით შეცდომებიან-წყენებიანად, ადამიანური ღირსებაა". 

"მტრობაში, ცხოველურ ინსტინქტში კი - ღირსება ასე თავისთავადად არ არსებობს, თუ ღირებულებითი მხარე არ შესძინე.

ჩვენ ეს ღირსება ბუნებრივად გვაქვს, რუსებთან ჩვენი აბსოლუტური სიმართლის გამო. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ერთ მუჭა, საუკუნეების მანძილზე ჩვენივე სისხლით განოყიერებულ, საწყალ მიწას, ჩვენს პატარა სახლს. მტერი კი უშველებელი, ცხრათავიანი გველეშაპია, რომელსაც ამდენი ხანია ვუძალიანდებით.

გაბუნიას გინება მეეჭვება პუტინისთვის რამეს ნიშნავდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ბევრს ნიშნავს ქართველებისთვის, რადგან გვძარცვავს მტრობაში ღირსების გრძნობისგან, ესთეტიკისგან, აუბრალოებს ჩვენი გმირების განსაკუთრებული შინაგანი ძალის დემონსტრირების მაგალითებს.

ასეთი ჭყვიტინა, მდარე გამოხტომებით არაფერი გამოიხატება, გარდა იმისა, რომ უღირსები ვხდებით, უმწეო, სულელი, უაზროდ ენაფხანია ხალხი, როგორიც ჩვენ სინამდვილეში არ ვართ. გაბისკირიას "არასდროს ცხოვრებაში", ანწუხელიძის, 19 წლის ბიჭის უტეხი სიმტკიცე, - ესაა ერის ხასიათის უმაღლესი გამოვლინება და თვითშეფასების ეტალონი და არა "სენმოკუკიპუკიტყტყ".

კომედიის მეორე სცენა ცხადია მთავრობას ეკუთვნის, - გავრილოვის მასპინძლობაში კუდებნაღრძობი მთავრობის წევრების ამდენი შარვლებიდან ამოხტომა კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციის სიმდარეს. მგონი ყველა ერთად, სულ რომ გავჩუმდეთ, ვითომ არც გაგვიგია, აჯობებს, ასეც და ისეც სამარცხვინოა სიტუაცია. პ.ს. რატომღაც გაბუნია ასეთი დაბალი კულტურის ადამიანი არ მგონია. საინტერესოა, ვინ დაავალა და რატომ შეასრულა ეს ძალიან ბანძი სცენა", – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა. 

გაბუნიას გინებას გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, თუმცა წამყვანის პათოსს იზიარებს:

"არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, ვიზიარებ პათოსს, ზოგადად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში, რომელიც ჩვენი აქციის წევრები ამ დღეების განმავლობაში გააკეთეს – და იმღერეს „პუტინ ხუილო“. [...] კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწისტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ასეთ საქციელს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებში. „ფეისბუკის“ მრავალი მომხმარებელი წერს, რომ გინებას არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან.

მომხდარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა:

"ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ".

გაბუნიას მონოლოგის შემდეგ მოქალაქეთა ნაწილმა "რუსთავი 2"–ის შენობის წინ აქცია გამართეს. დემონსტრანტები გადაცემის წამყვანისგან ბოდიშისმოხდას, ასევე, მისი "რუსთავი 2"-დან წასვლასა და პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]