რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვან გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების ფაქტს ეხმიანება და მომხდარს "პროვოკაციად" აფასებს.

"მოსკოვი კატეგორიულად გმობს, უპრეცენდენტო, მდაბიო გამოხტომას, მიუღებელ, უცენზურო გამონათქვამებს რუსეთის ხელისუფლების მისამართით. რუსეთი მომხდარს აფასებს პროვოკაციად ქართველის რადიკალური ძალების მხრიდან, რომელიც  მიმართულია რუსეთ საქართველოს ურთიერთობის დაზიანებისკენ. ეს ინციდენტი არის გაუგონარი, ნათელი მაგალითია იმისა, თუ სად მივყავართ რუსოფობიას. ამჟამად რუსულ საპარლამენტო დელეგაციაზე თავდასხმისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალების გამართლება არ დაიწყო და საკუთარ თავში იპოვა ძალა და გაემიჯნა პროვოკატორებს და დაგმო მათი ქმედება. ვხედავთ იმ სამართლიანმა აღშფოთებასაც, რომელიც არის ქართულო საზოგადოებაში. ველოდებით ადექვატურ რექაციას პროფილური საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან. მსგავს გამოვლინებას არ უნდა ქონდეს ადგილი ცივილიზებულ ქვეყნებში", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა. გაბუნიას გინებას გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, თუმცა წამყვანის პათოსს იზიარებს: 

"არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, ვიზიარებ პათოსს, ზოგადად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში, რომელიც ჩვენი აქციის წევრები ამ დღეების განმავლობაში გააკეთეს – და იმღერეს „პუტინ ხუილო“. [...] კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწისტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ასეთ საქციელს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებში. „ფეისბუკის“ მრავალი მომხმარებელი წერს, რომ გინებას არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან.

მომხდარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა:

"ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ".

გაბუნიას მონოლოგის შემდეგ მოქალაქეთა ნაწილმა "რუსთავი 2"–ის შენობის წინ აქცია გამართეს. დემონსტრანტები გადაცემის წამყვანისგან ბოდიშის მოხდას, ასევე, მისი "რუსთავი 2"-დან წასვლასა და პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდნენ.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“