ვასაძე გახარიას პოსტიდან გადადგომის მოთხოვნას არ ეთანხმება, ფალავანდიშვილი კი მომხრეა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე იზიარებს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის „სირცხვილია“ ანტისაოკუპაციო მოწოდებებს, თუმცა არ ეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ  გიორგი გახარიას პოსტიდან გადადგომის მოთხოვნას.

"ვუერთდები კი არა, სანამ ეგენი გაიღვიძებდნენ, მთელი ჩემი ცხოვრება მიძღვნილი მაქვს, რომ საქართველო გამთლიანდეს. ამის შესახებ არაერთი ლექცია მაქვს, მილიონი წერილი მაქვს, მილიონი შეხვედრა მაქვს", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძისგან განსხვავებით, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მომხრეა „სახალხო ლეგიონის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი. იგი მედიასთან განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მოქალაქეებისთვის თვალის ამოთხრაზეა პასუხისმგებელი.

ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და „სახალხო ლეგიონის“ სხვა აქტივისტები პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები. ამავე ადგილას 19 საათზე ანტისაოკუპაციო აქციის „სირცხვილია“  მე-19 აქციაა დაგეგმილი. 

ცნობისთვის: „თბილისი პრაიდი“ „ღირსების" მარშის ჩატარებას დღეს გეგმავდა, თუმცა "პრაიდის“ ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება გადაიდო. მიუხედავად ამისა, "პრაიდის" მოწინაღმდეგეები დღეს აქციებს სხვადასხავა ლოკაციაზე მართავენ და ამბობენ, რომ „ღირსების "მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა