"საქართველოს დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანება არავის გამოუვა"

საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყნის დესტაბილიზაცია და ეროვნული ინტერესების დაზიანება არავის არ გამოუვა.

„შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი და ძალიან მარტივი. ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა და ეს არ იყო ცალკეულად აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები. ეს არის წლების განმავლობაში არსებული აგრესია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ბელადის მხრიდან. რაც ჩვენ ვიხილეთ იყო სრულად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანიც გახლავთ, რომ მოახდინონ საქართველოს დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანება. მინდა გითხრათ, რომ ეს არავის არ გამოუვა, მსგავსი სცენარები საქართველოში არ მოხდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, განაცხადა ბახტაძემ.

ცნობისთვის: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა. გაბუნიას გინებას გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, თუმცა წამყვანის პათოსს იზიარებს: 

"არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, ვიზიარებ პათოსს, ზოგადად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში, რომელიც ჩვენი აქციის წევრები ამ დღეების განმავლობაში გააკეთეს – და იმღერეს „პუტინ ხუილო“. [...] კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწისტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ასეთ საქციელს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებში. „ფეისბუკის“ მრავალი მომხმარებელი წერს, რომ გინებას არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან.

მომხდარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა:

"ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ".

გაბუნიას მონოლოგის შემდეგ მოქალაქეთა ნაწილმა "რუსთავი 2"–ის შენობის წინ აქცია გამართეს. დემონსტრანტები გადაცემის წამყვანისგან ბოდიშის მოხდას, ასევე, მისი "რუსთავი 2"-დან წასვლასა და პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp