ირანის ეროვნული ვალუტა 60%–ით გაუფასურდა

გამკაცრებულმა საერთაშორისო სანქციებმა ირანის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა,– წერს Deutsche Welle. 

ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო დაწესებული სანქციები ირანს მისი ძირითადი საექსპორტო საქონლით - ნავთობითა და მეტალურგიული პროდუქტებით საგარეო ვაჭრობას უკრძალავს. ამ სანქციის გამო ქვეყნის ეროვნული ვალუტა რიანი მხოლოდ 2019 წლის განმავლობაში 60%-ით გაუფასურდა. 

როგორც გამოცემა იუწყება, ირანზე განზორციელებული მაქსიმალური ზეწოლა, უპირველეს ყოვლისა, რიგით მოქალაქეებზე აისახა: ქვეყნის მასშტაბით ყველა სახის პროდუქციაზე, ტექსტილსა თუ ტექნიკაზე ფასები გაორმაგდა. ტურიზმი კი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო, ფაქტობრივად, ჩავარდნილია – სანქციების გამო ბევრმა ევროპულმა ავიაკომპანიამ ირანში ფრენები გააუქმა, მათ შორის Air France- მა და British Airways-მა. საავადმყოფოებსა და კლინიკებში ცალკეული მედიკამენტების ნაკლებობა შეინიშნება. ევროპიდან წამლების იმპორტი შემცირდა, მათ ჩინური და ინდური უხარისხო პროდუქციით ანაცვლებენ. 

შეგახსენებთ, რომ აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, ირანზე ეკონომიკური ემბარგო ამოქმედდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აკრძალვა გავლენას ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე, უმთავრესად კი, ნავთობის ექსპორტსა და საბანკო სფეროზე მოახდენს.ქვეყანაში რეცესიაა, 2018 წელს ირანის ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა. ექსპერტები მიმდინარე წელს ეკონომიკის 5%-ით შემცირებას ვარაუდობენ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"