"ჟურნალისტის უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის"

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტის უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის.

"ჩვენ ვამაყობთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ცხადია, ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები ვერ გუობენ და ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას. 

გუშინ, ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოხსნა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. ეს არის სწორედ ის, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ. ჩვენი - მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა, როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას ამ ნახევარი თვის განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე, შევინარჩუნოთ ეს მოცემულობა. არ მივცეთ სხვადასხვა მოთხოვნებით გამოსულ მომიტინგეებს დაპირისპირების და რაც მთავარია, კანონდარღვევის საშუალება. მეგობრებო, ნორმალურ საზოგადოებაში, ქვეყნის მოყვარული ადამიანები თავიანთი სიტყვის თავისუფლებას სხვისი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ იცავენ. ნუ გავახარებთ შინაურ თუ გარე მტერს“ , - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა. გაბუნიას გინებას გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, თუმცა წამყვანის პათოსს იზიარებს: 

"არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, ვიზიარებ პათოსს, ზოგადად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში, რომელიც ჩვენი აქციის წევრები ამ დღეების განმავლობაში გააკეთეს – და იმღერეს „პუტინ ხუილო“. [...] კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწისტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ასეთ საქციელს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებში. „ფეისბუკის“ მრავალი მომხმარებელი წერს, რომ გინებას არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან.

მომხდარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა:

"ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ".

გაბუნიას მონოლოგის შემდეგ მოქალაქეთა ნაწილმა "რუსთავი 2"–ის შენობის წინ აქცია გამართეს. დემონსტრანტები გადაცემის წამყვანისგან ბოდიშის მოხდას, ასევე, მისი "რუსთავი 2"-დან წასვლასა და პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდნენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მაღაროში მუშა დაიღუპა