"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები შსს–კენ დაიძრნენ, თუმცა "ღირსების" მარში უკვე დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით გაემართა, თუმცა უწყებასთან "ღირსების" მარში უკვე დასრულებულია. 

"თბილისი პრაიდის" ერთი–ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ "დღეს შეიძლება, ითქვას, რომ "ღირსების" მარში შედგა". 

შსს–სთან "ღირსების" მარში დაახლოებით ნახევარ საათში დასრულდა.  ღონისძიებამ დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. 

"ღირსების" მარში დღეს დილით 9სთ–ზე შსს–სტან უნდა გამართულიყო, თუმცა იმის გამო, რომ "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა აქციის ჩატარების ადგილი და დრო შეიტყვეს, "თბილისი პრაიდმა" ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. 

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით,  იმის გამო, რომ სამინისტრო "ღირსების" მარშის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდა, მათ გადაწყვიტეს, დღეს საღამოს აქცია შსს-სთან გაემართათ. 

რუსთაველის გამზირზე, სადაც დღეს 19:00 სთ–ზე, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია უნდა გამართულიყო, ამ დროისთვის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის, “ქართული მარშისა” და ბიზნესმენ ლევან ვასაძის მომხრეები არიან შეკრებილები. ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები 19:00 საათზე პუშკინის სკვერში შეკრებას და შემდგომ პარლამენტთან გადანაცვლებას გეგმავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp