გიორგი გახარია: "შსს ვერ იქნება ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი"

შს მინისტრ და ვიცე–პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, შსს ებრძვის ნარკოდანაშაულს და ვერ იქნება ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი. განცხადება გახარიამ არასამთავრობოების მიერ დღეს გავრცელებული მიმართვის პასუხად გააკეთა.

„თავის დროზე, გავეცი დაპირება, რომ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით, შს სამინისტრო იქნება პასუხისმგებლიანი და ეფექტური პარტნიორი საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყება რომელიც ებრძვის ნარკოდანაშაულს, ნარკოტიკების გავრცელებას, ნარკორეალიზატორს, ვერ იქნება ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი და ინიციატორი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ და იგივე დაპირებას გავცემ – ვიქნები აბსოლუტურად ადეკვატური და ეფექტური პარტნიორი, მაგრამ თუ მეორე მხარე არ გააქტიურდება, მეორე მხარე არ გადადგამს ნაბიჯებს ამ მიზნის მისაღწევად, შსს ნარკოპოლიტიკის ინიციატორი ვერ იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმამდე, ნარკოდანაშაულზე დაკავებულთა გარკვეულ კატეგორიაზე ერთჯერად ამნისტიას დაუჭირონ მხარი:

„ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის პროცესი და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა წელიწადზე მეტია შეჩერებულია. გასული წლის მაისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა ხელისუფლებას არცერთი სამუშაო ფორმატი ამ საკითხის რაციონალური და სამართლიანი გადაწყვეტისთვის არ გამოუყენებია. პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების გაურკვეველი ვადით გადადების ფონზე, უპასუხოდ რჩება ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ელოდება. დღემდე, მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგად დაზარალებული ადამიანების სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ეპიზოდური გადაწყვეტილებებით ხერხდება. ხელისუფლება კი, თავს არიდებს სისტემური რეფორმის საკითხზე თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. ჩვენთვის უცნობი რჩება ხელისუფლების პოზიცია ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების თაობაზე.

ამ პირობებში კი, ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება – მხოლოდ 2018 წელს:

სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3650 პირის მიმართ;

ამავე პერიოდში, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2825 პირის მიმართ. გასათვალისწნებელია, რომ თითოეულ ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულების მიმართ ავტომატურად გამოყენებულია უფლებების ჩამორთმევის უსამართლო მექანიზმი;

ნარკოტიკული დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, 2018 წელს, შეფარდებული აქვს 633 ადამიანს;

ამჟამად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება 5000-მდე ადამიანი;

2018 წლის ბოლო ექვს თვეში, ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული/მსჯავრდებული 50-მდე ადამიანი შიმშილობდა მათ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნით;

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერები, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ნარკოპოლიტიკის სფეროში სისტემური და ძირეული ცვლილებების შეჩერების ფონზე, სახელმწიფომ მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება ამნისტიის ან/და შეწყალების მექანიზმის გამოყენების თაობაზე, რომელიც უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული. ამ მიზნით, საჭიროა, პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით, შექმნას სამუშაო ჯგუფი და გატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.

ნარკოპოლიტიკის სფეროში სახელწიფოს დამუშავებული არ აქვს დეტალური, აუცილებელი სტატისტიკური მონაცემები, რაც ნარკოტიკული დანაშაულების შესახებ არსებული რეალური სურათის აღქმას ართულებს. ამდენად, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამუშაო ჯგუფის წევრთა ჩართულობით, აუცილებელია დამუშავდეს ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა მონაცემები, მათ შორის, ციხის პოპულაცია, დანაშაულთა სპეციფიკის, ნარკოტიკის სახეობისა და ოდენობის, გამოყენებული სასჯელების შესახებ ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემები.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას:

დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მონაცემების შესწავლას და დამუშავებას;

ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლების/პასუხისმგებლობის შემსუბუქების თაობაზე და ამისთვის გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტიის ან/და შეწყალების მექანიზმები“.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სავარაუდოდ, ნარკომომხმარებლების რიგ კატეგორიას შეიწყალებს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp