კადიროვი გაბუნიას მიერ პუტინის გინების ფაქტს ეხმიანება

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვან გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების ფაქტს ეხმიანება და გაბუნიას "საქართველოს სირცხვილს" უწოდებს. 

„კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მით უმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია“, - წერს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის პრეზიდენტს და მთლიანად რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს. ასევე, მან გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

„მუდმივად არ შეიძლება, გვქონდეს ისეთი პოზა, რომ არ ვიმჩნევთ საქართველოს მხრიდან მტრულ გამოხტომებს. ამიტომ აუცილებელია, ქვეყნის მიმართ შემოვიღოთ ყველაზე ხისტი სანქციები, რომლებიც არ შეეხება იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. ახლა ცდილობენ შთაგვაგონონ, რომ საქართველომ დაგმო არამზადის გამოხტომა, მაგრამ საჭიროა არა დაგმობა, არამედ მისი პირდაპირი ეთერისგან შორს ყოფნა“ - წერს კადიროვი.

ცნობისთვის: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ,  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ და "ქართული ოცნების" დეპუტატებმა. გაბუნიას გინებას გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, თუმცა წამყვანის პათოსს იზიარებს. დღეს ტელეარხმა გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp