ანტისაოკუპაციო აქციას სასულიერო პირები შეუერთდნენ

მამა პეტრე ანტისაოკუპაციო აქციაზე მივიდა. 

“მოვედი იმისთვის, რომ მკაფიოდ გამოვხატო ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ვემიჯნები ყოველთვის, ყველა დროსა და ეპოქაში ძალადობას, უზნეობას, ამორალიზმს და ყველაზე მეტად - ვემიჯნები იმ ადამიანების გუნდს, დაჯგუფებას, რომელიც ქრისტეს სახელით ძალადობას მიმართავს და ანადგურებს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, ანადგურებს მომავალ თაობას.ე.წ მმკ [მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი] არის ყველაზე დიდი უზნეობა და ამორალიზმი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ვინაიდან ქრისტეს სახელით ყველაზე დიდი მოძალადეები, ყველაზე დიდი კაცთმოძულეები არიან”,– განაცხადა სასულიერო პირმა. 

ანტისაოკუპაციო აქციას სოლიდარობა გამოუცხადა დედა სიდონიამ:

"არაფერი განსაკუთრებული არ ხდება დღეს აქ, ეს არის უბრალოდ პროცესში მყოფი ქვეყანა, რომელიც მიდის რაღაც მდგომარეობიდან რაღაც მდგომარეობისკენ. კორდონის ერთ მხარეს სხვა მსოფლმხედველობის ხალხი დგას, მეორე მხარეს – განსხვავებული, სულ ესაა. მხოლოდ ისაა აუცილებელი, რომ ორივემ იცოდეს, რა არის თავისუფლება. მე აქეთა მხარეს იმიტომ ვდგავარ, რომ აქ არ ჩანს არავინ საზიზღარი, არავინ მოძალადე, არავინ მატყუარა. მე მათი აღსარებებიც მაქვს ბევრის მოსმენილი. იქითა მხარეს მოხდა ერთი ინციდენტი, აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ ხატები და დაპირისპირების შემდეგ დაზიანდა ეს ხატები. თქვე დალოცვილებო, ხატებს ვერ იცავთ და სამშობლოს დიაცავთ? ცეცხლს ვეთამაშებით, თავს ნუ მოიტყუებთ, რომ სარწმუნოებრივი ნიშნით იცავთ სამშობლოს”.

ცნობისთვის: ამ დროისთვის რუსთაველზე ორი პარალელური აქცია მიმდინარეობს. აქცია მიმდინარეობდა "რუსთავი 2"–ის შენობასთან, თუმცა დემონსტრანტებმა რუსთაველზე გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს.  


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთმა ოთხი ქურთული რეგიონის გუბერნატორები დააკავა