„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა პოლიციას ერთ–საათიანი ვადა მისცეს

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, რომელიც ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის კონტრაქციადაც იქცა, პოლიციას ნახევარი საათიდან ერთ საათამდე ვადას აძლევენ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი დაატოვებინონ.

მათი თქმით, თუ ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას დატოვებენ, პარალელური აქციის მონაწილეები ამ ადგილს დაიკავებენ.

ანტისაოკუპაციო აქციაზე კი დაანონსეს, რომ ისინი „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე, რომელიც კონტრაქციადაც იქცა, მივლენ და დიალოგს გამართავენ.

"ძალიან მალე გადავალთ კორდონს იქით გამართულ აქციაზე. არ წახვიდეთ, პირიქით, ჩვენ მოვდივართ, რათა ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ რუსეთის წინააღმდეგ", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

მათი თქმით, თუ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირს დატოვებენ და პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს აიღებენ, ისინიც დაიშლებიან. 

შეგახსენებთ, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეებმა დღეს მსვლელობა მოაწყვეს, შემდეგ რუსთაველის გამზირი დაიკავეს და ანტისაოკუპაციო მოძრაობას იქ მისვლის შესაძლებლობა არ მისცა. ორ აქციას პოლიციის კორდონი ჰყოფს. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

დემონსტრანტები ისაკაძის მიმართვას პროტესტით შეხვდნენ, ამიტომ გადაწყდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაელოდნონ, როდის დაიშლება ანტისაოკუპაციო აქცია და როდის გაიტანენ პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ბანერებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp