ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები პოლიციას პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ ანტისაოკუპაციო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა კვლავ დაიკავეს გზის სავალი ნაწილი.

ისინი სამართალდამცველებს პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ. კერძოდ, მათი თქმით, პოლიციამ არ გაიყვანა ავტობუსები, არ გახსნა კორდონი და არ მისცა მათ შესაძლებლობა, პარლამენტის წინ გადაენაცვლებინათ.

აქციაზე ამ დროისთვის ორგანიზატორები სიტყვით გამოდიან.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კი პარლამენტის წინ კარვების გაშლას გეგმავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, კარვების გაშლა იმის მანიშნებელი იქნება, რომ ისინი არსად წასვლას არ აპირებენ.

"ჯერ გათენებამდე კიდევ გვაქვს საათზე მეტი დრო და ხალხმა დაიწყო დენა. მთელი თბილისი ფეხზე დგას. ჩვენ აქ კარვებს მოვიტანთ და სტაციონალურად გავშლით იმისთვის, რომ გავაჩინოთ აბსოლუტური განცდა იმისა, რომ აქედან ფეხის მოცვლას არავინ არ აპირებს", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, ამ პრინციპებზე იდგებიან მანამდე, სანამ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეხვდებიან.

"ამ პრინციპებზე ვიდგებით მანამდე, სანამ ხელისუფლება, რომელსაც დღეს ძალიან ცივილურად გავუგზავნეთ გზავნილი, რომ შეგვხვედროდნენ, არ შეგვხვდება. ბატონო არჩილ, მთავრობის წევრებო, შეგვხვდით დალოცვილიშვილებო. ვიბრძვით, რომ ქვეყანა არ გადატრიალდეს", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp