"ენმ-ის მოღალატეობის გაშიშვლება გვერიდებოდა, თითქოს პრორუსის იარლიყის გვეშინოდა"

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ენმ–ის შეფასებას ითხოვს, თუმცა ის ა არ აკონკრეტებს, იგულისხმება პოლიტიკური, თუ სამართლებრივი შეფასება, ან იგულისხმება თუ არა "პატრიოტთა ალიანსის" მიერ მომზადებული პროექტი "რეჟიმის გასამართლების" თაობაზე, რომელიც პარლამენტმა ერთხელ ჩააგდო. 

 

"მთელი ამ წლების განმავლობაში, ხელისუფლებასა და საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის მოღალატეობრივი საქმიანობის მიმართ ერთგვარად მოკრძალებული პოზიცია გვეკავა. გვერიდებოდა ამ ყველაფრის გაშიშვლება და მეტიც, თავდაცვით პოზიციაში ვდგებოდით, როდესაც ნაციონალური მოძრაობა პრაგმატულ პოლიტიკას უპირისპირდებოდა და სახელმწიფოს მტრობდა. თითქოს, გვეშინოდა, პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ჩვენთვის არ მოეწებებინათ პრორუსის იარლიყი, რომელიც მათ თავად ბუნებრივად ამშვენებს.


რუსთავი 2-ის ეთერში მოწყობილი პროვოკაცია იყო მხოლოდ გაგრძელება იმ მტრული საქმიანობისა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ეწევა. ამდენად, ამ უმძიმესი პროვოკაციის ერთ ჟურნალისტზე ან თუნდაც, მხოლოდ პარტიულ ტელევიზიაზე გადაბრალება მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა.


ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა მივცეთ სახელმწიფოს მტრობის და ქვეყნის იმგვარ რეალობაში დაბრუნების შესაძლებლობა, რომლის წინაშეც მათ 11 წლის წინ დაგვაყენეს. პირველი ნაბიჯი კი, ნაციონალური მოძრაობის ადეკვატური შეფასება უნდა იყოს: მტერს მტერი უნდა დაერქვას"- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp