შსს: „ტაბულას“ კუთვნილი მანქანის მძღოლი ქვეითად მოსიარულე პოლიციელს დაეჯახა და იგი გამოკითხვაზეა გადაყვანილი“

„ტაბულას“ კუთვნილი მანქანის მძღოლი ქვეითად მოსიარულე პოლიციელს დაეჯახა და იგი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ამის შესახებ „აქცენტს“ შსს–ში განუცხადეს.

„რაც შეეხება დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი ჰოსპიტალიზებულია და ამჟამად გამოკვლევები უტარდება. „ტაბულას“ "პიკაპი" კი ავტოსაგზაო საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“, – განუცხადეს „აქცენტს“ შსს–ში.

„ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სამართალდამცველებს მისი კუთვნილი მანქანის გატაცებაში ადანაშაულებს.

„ანტისაოკუპაციო აქციაზე ჩემი მანქანა იყო, რომელსაც ჟურნალისტები ჰყავდა მოყვანილი. მასზე იყო განთავსებული აპარატურაც. მთელი ღამე მანქანის მძღოლი აქ იყო. დილით, როცა მოძრაობა გაიხსნა, აქ მანქანა არ გააჩერებინეს და მოძრაობდა. ბოლოს, რომ დავუკავშირდი მძღოლს მითხრა, რომ ბარნოვის 54 ნომერთან იმყოფებოდა. მან მითხრა, რომ საპატრულო პოლიციამ გააჩერა. იმის შემდეგ გავიდა ერთი საათი და მას ვერ ვუკავშირდები. გატაცებულია კაცი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მიტინგის აპარატურა ჰქონდა მანქანაზე განთავსებული. არ უნდათ, რომ ჩვენ აქ გვქონდეს ხმა და გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი“, – აცხადებს ჩერგელეიშვილი.

ამ დროისთვის ანტისაოკუპაციო აქციისა და კონტრაქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან რჩებიან. აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფთ.

როგორც ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ მანამ, სანამ შს მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება.  


კონტრაქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის ალექსანდრე ფალავანდიშვილის თქმით, ანტისაოკუპაციო აქციის პათოსს, რომ „რუსეთი ოკუპანტია“ უერთდებიან, თუმცა აცხადებს, რომ „შს მინისტრის გადადგომის კონტექსტს არ იზიარებენ“. ფალავანდიშვილის თქმით, თუ  გიორგი გახარია გადადგება, მაშინ უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც პარლამენტზე თავდასხმას ცდილობდა. 

ცნობისთვის: ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები და "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ. "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდნენ. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები კი კინო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე მართავდნენ მიტინგს და  ითხოვდნენ, მათთვის სამართალდამცველებს მიეცათ უფლება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაცვლების, სადაც მოშიმშილეები და ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორების ნაწილი რჩებოდა. თუმცა მიუხედავად მოთხოვნისა, მათ ამის საშუალება მხოლოდ გამთენიისას, მას შემდეგ მიეცათ, რაც პოლიციამ ე.წ. ყვითელი ავტობუსებისგან გაკეთებული კორდონი გახსნა. 

ღამის განმავლობაში ადგილზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. სავარაუდოდ, კონტრაქციის მონაწილემ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეს თავში ქამარი ჩაარტყა. დაშავებულს ექიმების დახმარება დასჭირდა.  ამასთან, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ბოთლები რამდენჯერმე დაუშინეს.

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პარლამენტთან აქციას უკვე მე-20 დღეა მართავენ, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები კი რუსთაველის გამზირზე გუშინ მივიდნენ. მათი განცხადებით, ლგბტ თემს დედაქალაქის მთავარ გამზირზე „პრაიდის“ ჩატარების საშუალებას არ მისცემენ, თუმცა აღნიშნული ღონისძიების რუსთაველზე გამართვა დაანონსებული არც იყო. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp